კულტურის სამინისტრომ მსახიობებს ხელფასები მოუმატა.

როგორც მსახიობები აცხადებენ, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თავად გადაწყვიტა, რომელ მსახიობს რამდენით გაეზრდებოდა ხელფასი.

ფაქტს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი,  საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ევა ხუტუნაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ხელფასი 50 ლარით გაიზარდა, რაც შეურაცხმყოფელია.

“იმდენად შეურაცხყოფილი ვარ, რომ აღარც თეატრი მინდა და არც მისი სამინისტრო. დღეს ხელფასი ჩამერიცხა, ვიცოდი რომ, რაღაც თანხა უნდა მოგვმატებოდა. ბედნიერება… მომემატა 50 ლარი. თურმე ვის რამდენი პროცენტი, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა. ქალბატონო მინისტრო, ჩვენზეც ამბობენ ნიჭიერებას, თქვენს რეგალიებზე მეტი მაქვს. (სახელმწიფო პრემია და ვარსკვლავი) სხვა კიდევ სახელობითები. ვინ მოგცათ უფლება დამცინოთ. თქვენ რა იცით, ვინ რისი გამკეთებელია. მე აღარ მინდა მერქვას მსახიობი”, – წერს სოციალურ ქსელში მესხიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ევა ხუტუნაშვილი.

2009 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ  ევა ხუტუნაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.