ახალგაზრდას, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ძალადობის კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, ქუთაისის სასამართლომ 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება "ტვ პირველის" ეთერში გასულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ დაკავებულებს პოლიციის განყოფილებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჯგუფურად სცემენ, ღირსებას ულახავენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

განაჩენი მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ, ამიტომ უცნობია, რას დაეყრდნო მოსამართლე, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს მაქსიმალური განაჩენი გამოუტანა.

გასამართლებული აიტი სპეციალისტის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 32 წლის მამაკაცი "ქართული ოცნების" მხილებისთვის დაისაჯა. მათი მტკიცებით, ახალგაზრდას ნარკოტიკი ჩაუდეს.

"გამოუტანეს 17 წელი, დავიღუპე, დაქცეული ვარ, არც სახლი მაქვს არაფერი, ქუჩაში, ნაქირავებში ვარ, რას მერჩოდნენ? ამ კადრების გულისთვის? დედაშენს იმაზე უარესს ვუზამთ, რაც მაგ კადრებშიაო. მე ხომ გავამჟღავნე. სიგარეტებს რომ აწვავენ ახალგაზრდა ბიჭებს, აშიშვლებენ - სასწაული კადრებია იქ. მაგრამ ის ხუთი კადრი, რომელიც გავრცელდა, მე მქონდა ტელეფონში. მოსამართლემ მაგისთანა კადრები თუ გაქვთ, თბილისში წაიღეო. გმადლობთ-თქო ვუთხარი, ასე მოვიქცევი-თქო", - აცხადებს "ტვ პირველებთან" საუბარში დაკავებული აიტის სპეციალისტის დედა.

ადვოკატი და ოჯახი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გიორგი კვიცარიძე ის აიტი სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა.