ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა.
აეროპორტი, რომლის აშენების ხარჯიც ხელისუფლებაში მოსვლისას “ქართულმა ოცნებამ” არამიზნობრივად გამოაცხადა, მგზავრთნაკადით წლებია მეორე ადგილს იკავებს. იაფი ფრენების გამო, ევროპაში გამგზავრების მსურველთა დიდი ნაწილი მარშრუტს სწორედ ქუთაისიდან გეგმავს. ქუთაისში მოქმედი ბიუჯეტური WIZ AIR კი საქართველოში ოპერირებად ავიაკომპანიებს შორის გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა.
2012 წლის მდგომარეობით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში თურქული TAV ოპერირებდა. ამავე დროს, თურქულ კომპანიასთან სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, 150 კმ-ის რადიუსში ახალი აეროპორტის აშენება აკრძალული იყოს. ბიუჯეტური ფრენებისთვის ქუთაისი შეირჩა, სადაც ძველი აეროპორტის ადგილას პრაქტიკულად ახალი აეროპორტი აშენდა.
კოპიტნარის (ქუთაისის) აეროპორტში პირველი ფრენა 2012 წლის 27 სექტემბერს შესრულდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის მაისში "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის აეროპორტზე წინა ხელისუფლების მიერ დახარჯული 53 მლნ ლარი არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა.
ქუთაისში ოპერირება ბიუჯეტურმა უნგრულმა ავიაკომპანია WIZ AIR-მა დაიწყო. ევროპაში მოხვედრა რამდენიმე ათეულ ევროდ გახდა შესაძლებელი, რაც იქამდე წარმოუდგენლად ჩანდა. დაბალი ფასი იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ თბილისის მცხოვრებლებმაც კი ფრენები ქუთაისიდან დაიწყეს. პანდემიამდე მგზავრთნაკადი თითქმის ყოველწლიურად იზრდებოდა და 2018 წელს მან უკვე ბათუმის აეროპორტს გაუსწრო. თბილისის აეროპორტის შემდეგ მეორე ადგილი ქუთაისის აეროპორტმა პანდემიის შემდეგაც შეინარჩუნა.
2013 წელთან შედარებით, 2025 წელს თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 3.8-ჯერ, ბათუმის აეროპორტში 5.9-ჯერ და ქუთაისის აეროპორტში 9.7-ჯერ იყო გაზრდილი. 2015 წლის ვარდნა უკრაინის ქალაქებში ფრენების შეწყვეტამ გამოიწვია.
2025 წელს WIZZ AIR 1.4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა რითაც 16.8%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ადგილზე გასულ ჯორჯიან ეარვეისს ორჯერ გაუსწრო.
ვიზეარის გარდა, ქუთაისიდან ფრენებს ბელორუსული ბელავია, აკ ეარ ჯორჯია, რუსული აზიმუტი, თურქული პეგასუსი და ყაზახური ეარ ასტანაც ახორციელებენ.
მიმართულებებს შორისაა: ვარშავა, გდანსკი, ვროცლავი, ბუდაპეშტი, ვილნიუსი, კიოლნი, ბერლინი, დორტმუნდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, სალონიკი, ათენი, პრაღა, მილანი, რომი, ვენეცია, ბარსელონა, მადრიდი, ვენა, პარიზი, ბრიუსელი, სტამბოლი… აგრეთვე მინსკი, მოსკოვი და აქტაუ. ფრენები სულ 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ხორციელდება, საიდანაც 25 ევროპულია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 1.2 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა და 3400 რეისი შეასრულა. აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით ქუთაისის აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 2.5 მლნ-ს შეადგენს, თუმცა გაფართოების სამუშაოები მომდინარეობს. მისივე თქმით ახალი 3.5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც აეროპორტი უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს.
არსებული ზოლი 2.5 კმ სიგრძისაა და ყველა თვითმფრინავის მიღება არ შეუძლია. ივლისში საქაერონავიგაცია აცხადებდა რომ 2026 წლის ბოლოდან აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებდა, რაც თეორიულად Boeing 747-ისა და Airbus A380-ის მიღების შესაძლებლობასაც ნიშნავს. ასაფრენი ზოლის გარდა დაგეგმილია სამგზავრო ტერმინალის გაფართოება და ახალი სატვირთო ტერმინალის მშენებლობაც.
"ნეტგაზეთი"