23 მაისს ბაღდათში კურორტ საირმის მენეჯმენტმა დასაქმების ფორუმი გამართა.
მას ასზე მეტი ადამიანი დაესწრო. სტუმრებს კურორტ საირმეს სამომავლო გეგმებზე და „საირმის ერთიანი განვითარების პროექტზე“ კომპანიის სტრატეგიული ხელმძღვანელი ნიკა კოხოძე ესაუბრა, ხოლო „საირმე ჰოტელსის“ გენერალურმა დირექტორმა, ანზორ ცინცაძემ მონაწილეებს არსებული ვაკანსიები, სამუშაო პირობები და ის შესაძლებლობები გააცნო, რასაც საირმე თანამშრომლებს სთავაზობს.
ფორუმს „საირმე ჰოტელსის“ მარკეტინგის მენეჯერი ლუკა კოხოძე უძღვებოდა. ასევე, ორგანიზატორებმა დამსწრეებს „საირმე რეზორტის“ გენერალური დირექტორი ბაქარ ბაბუხადია წარუდგინეს.
შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციული არ ყოფილა. ბევრმა მონაწილემ ადგილზევე დააფიქსირა ინტერესი და გასაუბრებაც გაიარა კურორტის მენეჯერებთან. უკვე 50-ზე მეტი კანდიდატი აქტიურად განიხილება და მათი ნაწილი უახლოეს მომავალში საირმეს გუნდს შეუერთდება.
საირმეში დღეს მნიშვნელოვანი სიახლეები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, კურორტ საირმეს მფლობელებმა წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკება ბალნეოლოგიური კურორტების წამყვან ევროპულ კომპანია „ენსანასთან“, საირმეს სასტუმროების მართვასთან დაკავშირებით. დღეს „ენსანა“ უკვე ჩართულია სასტუმროს მენეჯმენტში. მნიშვნელოვანი სიახლეები ინერგება როგორც სასტუმროს მართვის, ისე სერვისების დახვეწის მიმართულებით.
გარდა ამისა, მნიშვნელოვან და დიდ პერსპექტივას ქმნის თავად „საირმეს განვითარების ერთიანი პროექტი“, რომელიც გარდა სასტუმროების და ბალნეოლოგიური სერვისებისა, მოიცავს რეკრეაციულ ფერმას, სამთო-სათხილამურო კურორტს, მისი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, და კიდევ არაერთ სხვა საინტერესო მიმართულებას. საირმის გუნდის წევრობა სწორედ ასეთ ფართო და მრავალფეროვან შესაძლებლობებს უხსნის ნებისმიერ მოტივირებულ თანამშრომელს.
კურორტ საირმეს მენეჯმენტი მსგავსი შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს არა მხოლოდ ბაღდათში, არამედ იმერეთის სხვა ქალაქებშიც, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს ახალი შესაძლებლობა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/share/p/1CvCahggaf/