აუცილებელია ქალაქის ცენტრში გამოიყოს ან დაემატოს სპეციალური საპარკინგე ადგილები სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის, ან შეიცვალოს კანონი, რაც დაუშვებს მანქანების პარკირებას გარკვეული დროით, - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ელეონორა არჩაია სოციალურ ქსელში წერს.

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის თქმით, დროა, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც გაამარტივებს მიწოდების პროცესს და შეამცირებს უსამართლო ჯარიმებს.

"ქალაქში სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის პრაქტიკულად არ არსებობს კანონიერად გაჩერების ადგილები.

მიწოდების პროცესში მძღოლები იძულებული არიან, რამდენიმე წუთით გააჩერონ მანქანა, რის გამოც უამრავ ჯარიმას იღებენ. ეს ჯარიმები დამატებითი ფინანსურ ტვირთად იქცა, რომელსაც საბოლოოდ ისევ მომხმარებლები იხდიან, რადგან ისინი პროდუქციის ფასში აისახება.

აუცილებელია ქალაქის ცენტრში გამოიყოს ან დაემატოს სპეციალური საპარკინგე ადგილები სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის, ან შეიცვალოს კანონი, რაც დაუშვებს მანქანების პარკირებას გარკვეული დროით. დროა, ამ პრობლემას რეალური ყურადღება მიექცეს და გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც გაამარტივებს მიწოდების პროცესს, შეამცირებს უსამართლო ჯარიმებს და ხელს შეუწყობს ფასების დარეგულირებას!" - წერს ელეონორა არჩაია.