მარიამ ნიკოლოზის ასული დადიანი-ანჩაბაძე - ქართველი საზოგადო მოღვაწე, ნიკოლოზ დადიანის შვილი, შალვა დადიანის და.

დაიბადა 1870 წლის 18 დეკემბერს სოფელ სვირში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

მარიამსა და მის ძმას შალვა დადიანს, დედის ლიდა აბაშიძის ადრე გარდაცვალების გამო მამა ნიკო დადიანი ზრდიდა, რომელმაც შვილებს საშუალო განათლება ოჯახშივე მისცა ქართულ და ფრანგულ ენებზე.

მარიამი ცოლად გაჰყვა ცნობილ აფხაზ საზოგადო მოღვაწესა და ოფიცერს, თავად თარაშ (ტარას) ანჩაბაძეს და საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა. სწორედ აქედან იწყება მისი უდიდესი საგანმანათლებლო თავგადასავალი. XIX საუკუნის ბოლოს სოხუმში ქართული ენის მდგომარეობა კატასტროფული იყო - სკოლებში მისი სწავლება ფაქტობრივად აკრძალული გახლდათ. მარიამმა თანამებრძოლებთან ერთად ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადა მეფის ადმინისტრაციას და 1900 წელს აიძულა რუსეთის ხელისუფლება, სოხუმის სამოქალაქო სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება შემოეღო.

მარიამ ანჩაბაძის ინიციატივით, 1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება ჩამოყალიბდა, რომლის გამგეობასაც წლების მანძილზე იგი უცვლელად თავმჯდომარეობდა მის გაუქმებამდე (1926). აღნიშნულმა საზოგადოებამ 1910 წელს სოხუმში ქართული სკოლა დააარსა.

მარიამ დადიანი-ანჩაბაძე სოხუმში ცხოვრების დროს არაერთ ცნობილ აფხაზ და ქართველ მოღვაწესთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის: გიორგი შარვაშიძესთან, თედო სახოკიასთან, სპირიდონ ნორაკიძესთან, ივანე გეგიასთან და სხვა.

მთელი ცხოვრების მანძილზე იღვწოდა ქართულ–აფხაზური ურთიერთობების განსამტკიცებლად; მარიამის ხელშეწყობით, სოხუმში ადგილობრივი ძალებით წარმოდგენები და საღამოები იმართებოდა, ხოლო თბილისისა და ქუთაისის სათეატრო დასებთან თანამშრომლობით, პერიოდულად ქართული სპექტაკლები იდგმებოდა. აღნიშნული ღონისძიებებიდან შემოსული თანხები კი ხშირ შემთხვევაში ისევ საზოგადოებრივ აქტივობებს ხმარდებოდა.

მისივე ინიციატივით აფხაზეთის რეგიონებში გაიხსნა ქართული სკოლები და ქართული ენის შემსწავლელი კურსები; დიდია ასევე მისი ღვაწლი აფხაზური სასცენო ხელოვნების განვითარებაში; მისი თაოსნობით სოხუმის ინტელიგენცია აწყობდა საღამოებს;

1914 ჩამოყალიბდა აფხაზურ-ქართული ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი ძუკუ ლოლუას ხელმძღვანელობით. მარიამ ანჩაბაძის სიტყვით:

"უზენაესის განგებისგან ჩვენს სარწმუნოებაში უდიდესი დანიშნულება აქვს ქალს. ღვთის მშობელი ქალი იყო. ხოლო, როდესაც პატარა იყო ეს ქალი, მისმა მშობლებმა ტაძრად მიიყვანეს და იქ კი ეს პატარა მარიამი მღვდელმთავარმა შეიყვანა წმინდათა-წმინდაში, სადაც გარდა სასულიერო პირებისა იმ დროში თვით მამა კაცსაც აღკრძალული ჰქონდათ შესვლა....დღეს კი თვით ეხლანდელი რევოლუციაც, რომ არ მომხდარიყო და სხვათა შორის მას ქალთა გათანასწორების ლოზუნგიც არ გამოეტანა, სჯული ქრისტესი გვასწავლიდა ამას. ამისათვის ქალები უსათუოდ მოვითხოვთ სარწმუნოების საქმეში, სასულიერო უწყებაში სათანადო ადგილის დაჭერას და მე პირადათ როგორც სოხუმელ ქართველ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე უსათუოდ ვიცავ გათანასწორების პრინციპს და მოვითხოვ, რომ სასულიერო უწყებაში ქალებს მიენიჭოს არამც თუ მარტო მედავითნეობა არამედ მიეცეთ უფლება ეკლესიაში ქადაგებისა და საზოგადოთ სამისიონერო მოვალეობათ აღსრულებისა, მხოლოდ, როგორც მორწმუნე ქალს ტრადიციით შეუძლებლად მიმაჩნია ქალი ეკურთხოს მღვდლათ, ან ხელდასხმული იქმნეს მღვდელმთავრად და საზოგადოთ აღასრულოს ღვთის მსახურება, რადგან დღევანდელი ჩვენი რწმენის მიხედვით მღვდელი და მღვდელმთავარნი არიან ქრისტესა და მოციქულების მაგიერნი და მამაკაცთ უფრო შეჰფერით მათი".

1917-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, მარიამ დადიანი-ანჩაბაძე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და გახლდათ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი, სადაც იცავდა რეგიონის კულტურულ და საგანმანათლებლო ინტერესებს.

მარიამ ნიკოლოზის ასული დადიანი-ანჩაბაძე 1958 წლის 28 დეკემბერს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.