შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთილია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი.

ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყო ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებს და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები თავისუფლების სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.