ქუთაისის მეორე საპყრობილეში ისრაელის მოქალაქე იგორ ასკაროვი გარდაიცვალა. მას პატიმრობიდან განთავისუფლებამდე 8 თვე ჰქონდა დარჩენილი.

ბიზნესმენი ხელისუფლებას, კონკრეტულად ოზურგეთის პოლიციას და პროკურატურას, შემდეგ კი ქუთაისის მეორე საპყრობილის ციხის ადმინისტრაციას წამებაში ადანაშაულებდა.

იგორ ასკაროვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც მან 2010 წელს შეიძინა და მასზე ფერმერული მეურნეობები გააშენა, თუმცა შეიარაღებული თავდასხმისა და ზეწოლის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა.

მოგვიანებით, ის ცივი იარაღის გამოყენების გამო დააპატიმრეს და ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა.

ასკაროვი ბრალს არ აღიარებდა და დღემდე განაჩენს სხვადასხვა ინსტანციებში ასაჩივრებდა.