კლინიკა "უნიქალ მედის" დირექტორი კახა ნურალიძე აცხადებს, რომ დღეს კლინიკაში პროვოკაცია განხორციელდა და მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები აბსურდულია.

ნურალიძის თქმით, კლინიკა მუშაობს წარმატებულად და როგორც ჩანს, ეს რიგი ადამიანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

"ველოდით პროვოკაციას, მაგრამ მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო, გაოგნებული ვართ. ბრალდებები, რაც ჩემს მიმართ იქნა გაჟღერებული, აბსურდული და სასაცილოა.

კლინიკა მიდის წინ, დამტკიცებულია რეაბილიტაციის გეგმა, კლინიკა მუშაობს წარმატებულად, როგორც ჩანს, ეს ზოგიერთებს არ მოსწონთ და სურთ აქ აღდგეს ის კორუფციული სქემები, რაც აქ იყო, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს აღარასოდეს განმეორდება.

გამოიძიებენ ამ ინციდენტს, გაარკვევენ რა მოხდა და დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ამის შემდეგაც მიეწოდება.

კლინიკაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი. ამ ქალბატონის მხრიდან განხორციელდა პროვოკაციული ქმედებები.

ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, რომ მე რეორგანიზაციის პროცესში დავნიშნე ძველი გამოცდილი კადრი და ეს მისი მხრიდან იყო უარყოფითად აღქმული ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო. მე მას ვუთხარი, რომ არ მსურდა მისი სამსახურიდან გაშვება და ნუ მაიძულებდა ამის გაკეთებას, თუმცა მეორე დღეს ჩაიდინა უარესი. დღეს მან განახორციელა ვითომ სუიციდის მცდელობა, სამწუხაროა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს აქვს მრავლობითი ჭრილობა და უტარდება ოპერაცია, ეს ყველაფერი არის ტყუილი. ის ამ დროისთვის კლინიკაში არ იმყოფება. 

ეთიკის კომიტეტი იმსჯელებს იმაზე, რამდენად შეესაბამება ეს ქალბატონი დაკავებულ თანამდებობას", - განაცხადა ნურალიძემ.

მისივე თქმით, კლინიკა მზად არის, ნებისმიერი გამოძიებისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებას ყველა დეტალი მიაწოდოს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, კლინიკა "უნიქალ მედში" ექიმმა თვითდაზიანებები მიიყენა, მომხდარს კი წინ ექიმის კლინიკის დირექტორთან დაპირისპირება უძღოდა.