ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელი პატრიარქობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ყურადღება გაამახვილა ილია II-ის არჩევანის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, საზოგადოება დგას არჩევანის წინაშე - გაიზიაროს პატრიარქის კურთხევა და ანდერძი, თუ უგულებელყოს იგი. მეუფე იოანემ აღნიშნა, რომ მეუფე შიო წლების განმავლობაში მოქმედებდა პატრიარქის კურთხევით, მის სახელით და უკვე კარგად იცნობს ეკლესიის შიდა პროცესებს, ურთიერთობებსა და საქმიანობის არეალს.

მიტროპოლიტის განცხადებით, უწმინდესმა მშვიდობის შენარჩუნების მიზნით საზოგადოებას საკუთარი არჩევანი შესთავაზა. მისი განმარტებით, სინოდის ყველა წევრი პატრიარქის მიერ არის ხელდასხმული და სწორედ ამიტომ ილია II თითოეულ მათგანს კარგად იცნობდა - როგორც პიროვნულად, ისე მათი ხასიათითა და საქმიანობით.

მეუფე იოანეს თქმით, პატრიარქის არჩევანი მეუფე შიოზე გარკვეული ნიშნების - ასაკის, გამოცდილებისა თუ პიროვნული თვისებების  გათვალისწინებით გაკეთდა.

"ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი. წლების მანძილზე მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით მოქმედებდა, პატრიარქის სახელით და მან უკვე იცის არეალი საქმიანობის, დამოკიდებულებების, ურთიერთობების, გარკვეული გამოცდილება შეიძინა მან და ერი და ბერი შეეჩვია, რომ ის წარმოადგენდა პატრიარქს. უწმინდესმა მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენ შემოგვთავაზა თავისი არჩევანი. უწმინდესმა ასე აირჩია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.