ხარაგაულის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესების შედეგად ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების ნგრევა გრძელდება.

მეწყრული პროცესები ხარაგაულის სოფლებში უკვე რამდენიმე თვეა, გააქტიურდა, რამაც სახლების და გზების დანგრევა და დაზიანება გამოიწვია. სახნავ-სათესი მიწებზე კი რამდენიმე მეტრიანი ნაპრალებია გაჩენილი. 
გეოლოგების დასკვნით, აქტიური მეწყრული ზონა სოფელ ხემაღალისა და სოფელ ღვერკის ტერიტორიის დასახლებულ და დაუსახლებელ უბნებს მოიცავს - ჯამში 68 ჰექტარზე ოდნავ მეტს და სრულდება მდინარე ყარნების კალაპოტთან ახლოს.

მეწყრის სიგანე 240 მეტრიდან 1070 მეტრამდე იცვლება და საშუალოდ სიგანე 680 მეტრია.

გეოლოგების შეფასებით, მეწყრის არეალში მოქცეული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი დაზიანებულია - დანგრეული და დაშლილია. საავტომობილო გზები ზოგიერთ უბანზე დეფორმირებულია - ამ გზებზე ავტომობილით მოძრაობა შეუძლებელია.

მეწყერში მოქცეულია 121 შენობა, მათგან ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი თუ სხვა შენობა მთლიანად არის დანგრეული, დიდი ნაწილი კი ძლიერ დეფორმირებულია.

სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ვენახები და ხილის ბაღები დამეწყრილია და ყველგან ნაპრალებია. ხეები ხმება. სოფლები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა.