იმერეთში, განსაკუთრებით კი ქუთაისსა და მის შემოგარენში, საცხოვრებელი სივრცეების განვითარების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენელი ილია ინაშვილი აცხადებს, ქალაქში კორპუსების მშენებლობის ზრდასთან ერთად, ქუთაისელებმა ქალაქის გარეუბნების და მიმდებარე ტერიტორიების ათვისება აქტიურად დაიწყეს.
მისი თქმით, ქუთაისში მიწის ნაკვეთებზე ფასების მატებამ გამოიწვია ის, რომ მოთხოვნა ქალაქის შემოგარენზე გაიზარდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ქუთაისი–წყალტუბოს დამაკავშირებელი გზა, რომელიც ამ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ზონად ითვლება.
"ქუთაისი–წყალტუბოს გზის მონაკვეთში დაწყებულია მასშტაბური განვითარება. იყიდება უამრავი მიწის ნაკვეთი კერძო სახლების ასაშენებლად. ეს ტერიტორია ქუთაისელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილად ჩამოყალიბდა“, - აცხადებს ილია ინაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემოგარენში მიწის ფასები ჯერ კიდევ დაბალია. მაგალითად, წყალტუბოს მიმართულებით შესაძლებელია მიწის ნაკვეთის შეძენა დაახლოებით 10 დოლარად ერთ კვადრატულ მეტრზე, რაც 500 კვადრატული მეტრის შემთხვევაში 5 000 დოლარს შეადგენს.
„დღეს ამ ფასად მანქანის ყიდვაც რთულია. შესაბამისად, ბევრ ქუთაისელს ხელმისაწვდომი აქვს მიწის შეძენა და ეს პროცესი უკვე მასობრივ ხასიათს იღებს. თუმცა, ფასების ზრდა გარდაუვალია“, - აღნიშნავს ინაშვილი.
ამასთან, ქუთაისში უკვე შეინიშნება ურბანული პრობლემებიც - პიკის საათებში ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება რთულია, გაჩნდა საცობები, გაიზარდა გამონაბოლქვი და ეკოლოგიური დატვირთვა.
„დიდ ქალაქებში ეს პრობლემა გარდაუვალია. ადამიანები ფიქრობენ საკუთარ და შვილების ჯანმრთელობაზე, რის გამოც იზრდება ინტერესი სააგარაკე სახლების მიმართ. ქუთაისის გარშემო აშენებული სააგარაკე სახლები უახლოეს 10 წელიწადში ძირითადი საცხოვრებელი გახდება“, - ამბობს ილია ინაშვილი.
მისი პროგნოზით, მომავალ ათწლეულში ქუთაისელთა დიდი ნაწილი ქალაქის შემოგარენში იცხოვრებს, ისევე როგორც მსგავსი ტენდენცია უკვე შეინიშნება თბილისთან მიმართებით.