ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.
ფილიალში გამოძახება შევიდა შეტყობინებით – "უგონო“. დახმარებას ქალაქის ერთ-ერთი მაღაზიიდან ითხოვდნენ.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დახვდათ, რომელსაც არ აღენიშნებოდა სასიცოცხლო ნიშნები – არ ჰქონდა პულსი და სუნთქვა.
პარამედიკოსმა მირონის სირბილაძემ დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია. მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, რის შემდეგაც პაციენტს ჩაუტარდა დეფიბრილაცია და გაგრძელდა რეანიმაციული ღონისძიებები.
ადრენალინის მეოთხედ გამოყენების შემდეგ, რეანიმაციის დაახლოებით მე-18 წუთზე, პაციენტს აღუდგა სინუსური რითმი.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით კლინიკაში გადაიყვანა. მკურნალობის დასრულების შემდეგ მამაკაცი უკვე გაწერილია და თავს კარგად გრძნობს.
პარამედიკოსი მირონის სირბილაძე უკვე 2 წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების გუნდის წევრია და ამ დროის განმავლობაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.
ბრიგადის წევრები: პარამედიკოსი – მირონის სირბილაძე; ექთანი – ნათია კეთილაძე-გეგუჩაძე; მძღოლი – გაგა წულუკიძე.