ქალთა გაძლიერება უკვე აღარ არის მხოლოდ იდეა, ის ყოველდღიური პრაქტიკაა, რომელიც თემებში იქმნება. იქ, სადაც ქალები ერთმანეთს უსმენენ, ერთმანეთს ეხმარებიან და ნელ-ნელა იბრუნებენ საკუთარ ხმას.

ქალთა ფონდისოხუმისმიერ განხორციელებული პროექტის შემაჯამებელმა კონფერენციამ, რომელიც 26 თებერვალს გაიმართა კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით, სწორედ ამ პროცესის შედეგები და გამოცდილება გააერთიანა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ქალები: ურთიერთდახმარების ჯგუფების წევრები და ლიდერები, პარასპეციალისტები და სამოქალაქო ინიციატივების მონაწილეები, რომლებმაც საკუთარი ისტორიებით აჩვენეს, როგორ იქცევა მხარდაჭერა რეალურ ცვლილებად.

იმერეთის მუნიციპალიტეტებში: ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ვანსა და თერჯოლაში - ქალთა მხარდაჭერის თემზე დაფუძნებული მოდელები უკვე მუშაობს. ურთიერთდახმარების ჯგუფები იქცა სივრცედ, სადაც ქალები პირველად საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე, სწავლობენ ერთმანეთისგან და იღებენ ინფორმაციას, მათ შორის ციფრული უსაფრთხოების და სერვისებზე წვდომის შესახებ. პარასპეციალისტები კი ადგილობრივ დონეზე ქმნიან იმ მხარდაჭერის ქსელს, რომელიც ქალებს უსაფრთხოების განცდას და რეალურ დახმარებას აძლევს.

ქალთა მიერ განხორციელებული მცირე ინიციატივები აჩვენებს, რომ ცვლილება ხშირად იწყება ძალიან პატარა ნაბიჯით, ახალი უნარის შესწავლით, მცირე შემოსავლის გაჩენით ან ერთი მხარდამჭერი სივრცის შექმნით. თუმცა სწორედ ეს ნაბიჯები ქმნის არჩევანის შესაძლებლობას და სტაბილურობას, ამცირებს მიგრაციის საჭიროებას და აძლიერებს ქალთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.

ამ პროცესში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ციფრული რესურსების როლი. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა ძალადობაგამოვლილ ქალთა ციფრული რესურსცენტრი - sosfsokhumi.ge, ფონდის ვებგვერდი - fsokhumi.ge და სოციალური მედია, ქალებს აძლევს შესაძლებლობას სწრაფად მიიღონ ინფორმაცია სერვისებზე, ამოიცნონ ძალადობის ნიშნები და მოძებნონ მხარდაჭერის გზები. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ფიზიკური სერვისები ყოველთვის ახლოს არ არის, ეს ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პროექტის შეფასებამ აჩვენა, რომ იმერეთში გაიზარდა ქალთა სოციალური და ეკონომიკური ჩართულობა, გაძლიერდა სოლიდარობის ქსელები და გაიზარდა ქალთა მონაწილეობა საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ნიშნავს, რომ ქალთა გაძლიერება უკვე აღარ არის მხოლოდ მიზანი, ის არის პროცესი, რომელიც რეალურად მუშაობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება.

რეგიონებისათვის ეს ნიშნავს უფრო ძლიერ თემებს, მეტ უსაფრთხოებას და მეტ შესაძლებლობას. ქალთა ფონდისოხუმისგამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როდესაც მხარდაჭერა სისტემურია და თემზე დაფუძნებული, შედეგიც მდგრადია.