ხრესილის ბრძოლიდან 268 წელი გავიდა. 1757 წელს სოფელთან (სოფლის მიდამო – "თათრული") გაიმართა ბრძოლა ოსმალთა და ქართველთა ჯარებს შორის. 

სოლომონ I-ის ბრძოლამ მტკიცე სამეფო ხელისუფლების შესაქმნელად, დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად და ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ მეფესა და ოსმალებს შორის ურთიერთობა უფრო გაამწვავა. ოსმალები განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდნენ სოლომონის ბრძოლას ტყვეთა ყიდვის წინააღმდეგ. თურქები დაუკავშირდნენ მეფის მოწინააღმდეგე თავადებს. მოღალატე თავადი ლევან აბაშიძე ახალციხეში ჩავიდა და თვითონ წაუძღვა მტერს იმერეთისკენ. დეკემბერში ოსმალთა ჯარი იმერეთში შევიდა.

1757 წლის დეკემბრის დასაწყისში ოსმალთა არმიის ძირითადი ნაწილი საირმის გზით და შემდეგ ხანისწყლის ხეობით იმერეთში შემოიჭრა. სოლომონის მომხრე თავადებმა ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე ოსმალებს პარტიზანული ბრძოლები გაუმართეს. 12 დეკემბერს გოლა ფაშა ქუთაისში შევიდა. აქ მას შეუერთდნენ ლევან აბაშიძე და როსტომ რაჭის ერისთავი საკუთარი ძალებით. აქ მათ შეიტყვეს მეფის ძირითადი არმიის სამყოფელი და მეორე დღეს ხრესილის ველისკენ დაიძრნენ. მოკავშირეები ფოთის, შორაპნის და ბაღდათის ციხეებში მდგარი ოსმალური გარნიზონების დახმარებასაც ელოდნენ. 13 დეკემბერს ოსმალთა ჯარმა მთლიანად დატოვა ქუთაისი და ხრესილის ველზე დაბანაკდა.

პარალელურად სოლომონის გეგმა სრული წარმატებებით წარიმართა: ზურაბ მიქელაძემ ეკალმუხურთან გაანადგურა ფოთის ფაშის ჯარი, ქაიხოსრო აგიაშვილმა აიღო ბაღდათის ციხე, არჩილ ბატონოშვილი და გიორგი აბაშიძე შორაპანს დაეუფლნენ, ხოლო ბერი წულუკიძემ და კაცია კოპალიანმა ქუთაისი გაათავისუფლეს და ხრესილისკენ აიღეს გეზი.

14 დეკემბერს დაიწყო პირველი საომარი მოქმედებები. ქვეით ლაშქარს სარდლობდა ბერი წულუკიძე, რომელიც ცენტრში იყო განლაგებული. მათ უკან იდგა კავალერია, მარცხნივ პაპუნა წერეთლის, ხოლო მარჯვნივ უშუალოდ სოლომონ პირველის სარდლობით. მათ ზურგს უმაგრებდა აფხაზთა 1600-იანი ლაშქარი ხუტუნია შერვაშიძის მეთაურობით. სოლომონის მარცხნივ იდგა სალომინაოს და საკოპალიანოს რაზმები.

ოსმალთა არმია ჩვეული წესით იბრძოდა: წინ ლაშქრის დიდი ნაწილი ჯგუფებად ქმნიდნენ საერთო ფლანგებს. მათ უკან იდგნენ აქინჯიები.

ბრძოლა გამთენიისას დაიწყეს ბერი წულუკიძის ქვეითმა შენაერთებმა. მათ გაარღვიეს თურქთა მარცხენა ფლანგი. პარალელურად ცენტრისკენ შეტევაზე გადავიდნენ ცხენოსანთა შენაერთები. გათენებამდე ვერავინ აღწევდა წარმატებას. ოსმალთა სიმრავლემ თავდაპირველი წარმატება დროებით შეაჩერა. სოლომონმა გოლა-ფაშა საკუთარი ხელით მოკლა. ოსმალთა მარჯვენა ფლანგი აირია. მტრის ცენტრალური ფალანგა შეანგრიეს ბერი წულუკიძემ და პაპუნა წერეთელმა. აფხაზთა მხედრობა აკინჯებს ეკვეთა. აფხაზთა მთავარი ხუტუნია შარვაშიძე რომელიც ამ დროს უკვე 78 წლის იყო, ტოლს არ უდებდა ახალგაზრდა მებრძოლებს, იგი ბრძოლის ველზე დაეცა, მაგრამ თან 16 თურქი მეომრის მოკვლა მოახერხა. ლევან აბაშიძე ერთ-ერთმა იმერელმა აზნაურმა მოკლა, ოსმალურმა ლაშქარმა მანევრირება ვერ შეძლო და იგი ალყაში მოექცა. ბრძოლები კიდევ ერთ დღეს გაგრძელდა და ოსმალთა არმიის უმეტესი ნაწილი განადგურდა. ველზე დაეცა მათი ყველა სარდალიც.

დეკემბრის ბოლოსთვის იმერეთის სამეფო თითქმის მთლიანად გაიწმინდა ოსმალური გარნიზონებისაგან და გავლენისაგან. სოლომონ პირველი ითვლება იმერთა აღმაშენებლად, ხოლო ხრესილი მეორე დიდგორად. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ შეიქმნა გამონათქვამი სოლომონზე „ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლჩქეფე, იმერთ მეფე“.

ხრესილის გამარჯვებას მოყვა ოსმალთა გეგმების სრული მარცხი. მათი გავლენის კლება რეგიონში შეუქცევად პროცესად იქცა. ოსმალებმა დაკარგეს ყველანაირი კონტროლის საშუალება იმერეთის სამეფოზე. ნელ-ნელა შემცირდა ტყვეთა სყიდვის მასშტაბები. ოსმალთა წინააღმდეგ დაიწყო ძვრები გურიაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში.