ევროკავშირის/EU და გაეროს განვითარების პროგრამის/UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის მერები ეკონომიკური ზრდისთვის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ურბანული გამოწვევების ჭკვიანი და ინოვაციური გადაწყვეტების ფარგლებში, რომლის განმახორციელებელი პარტნიორია PMCG, სამოქალაქო იდეამ "ქუთაისი - სუფთა სუნთქვის ქალაქი“ მხარდაჭერა მოიპოვა. ინიციატივის განხორციელება მიმდინარეობს ქუთაისში თემაზე, "როგორ მოქმედებს ქალაქის ურბანული განვითარება ჰაერის ხარისხზე“.

ქუთაისში დასრულდა გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მოსახლეობის ინფორმირება საფრთხის შემცველ გარემოზე. შეხვედრებისა და ტრენინგების ფარგლებში სხვადასხვა თაობისა და პროფესიის წარმომადგენლებს გააცნეს ჰაერის მონიტორინგის ძირითადი საკითხები, მოსახლეობის თავდაცვის მექანიზმები და ქმედებები, რომლებიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პრაქტიკული ექსპერიმენტები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ეკოლოგმა ციცინო თურქაძემ სტუდენტებსა და სხვა მონაწილეებს აჩვენა, როგორ მოქმედებს პიროტექნიკა ჰაერის დაბინძურებაზე.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურად სუნთქავს ჰაერს, რომლის ხარისხის შესახებ არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, რაც განსაკუთრებით ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

"ინფორმირებული მოქალაქე უკეთ აფასებს გარემოსგან მომდინარე საფრთხეებს, იღებს პრევენციულ ზომებს და მონაწილეობს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში. პროექტი ხელს უწყობს არა მხოლოდ სანდო მონაცემების ხელმისაწვდომობას, არამედ ზრდის საზოგადოებაში გარემოსდაცვით ცნობიერებასა და პასუხისმგებლობის გრძნობას“, - აღნიშნავს ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, მარიკა ვაჭარაძე. 

პროექტის ავტორების თქმით, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობენ საზოგადოების გარემოსდაცვით ცნობიერებას, აქტიური ჩართულობის გაძლიერებას და ადრეული გაფრთხილების მექანიზმების განვითარებას, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, ისე ქალაქის მდგრადი განვითარებისათვის.

"პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი დაბინძურების პერიოდებში, რადგან იცავს მოწყვლად ჯგუფებს ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხეებისგან. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხსა და ქალაქის მდგრად განვითარებაზე“, - აღნიშნავს ხვიჩა ვაშაყმაძე.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინიციატივები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან მოსახლეობა მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, რამდენად ჯანსაღი და უსაფრთხოა ის გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ.

საინფორმაციო მასალა შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საინფორმაციო სააგენტო „ინფო იმერეთი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.