გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მთხოვდნენ თანამშრომლობას, პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას. უარის შემდეგ გახდნენ აგრესიულები. მოვიდეს ლევან იოსელიანი და პირადად გავაცნობ, რა ხდება, - ამის შესახებ ქუთაისელმა პატიმარმა ლევან გულუამ "ინფო იმერეთთან" განაცხადა, რომელსაც  თავად დაუკავშირდა და პრობლემების გასაჯაროება სთხოვა.

მისი თქმით, მას ციხის უფროსები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობენ.

"ცუდად ვარ, დახმარება მჭირდება. ახლა ვარ მე-10 დაწესებულებაში, ვიმყოფებოდი გეგუთის მე-14 დაწესებულებაში. მომიპარეს იქიდან და გადამიყვანეს... გეგუთის დაწესებულების დირექტორი არის მამუკა ზირაქაშვილი, უსაფრთხოების უფროსი არის ტარიელ მეგრელიშვილი, რომლებიც ითხოვდნენ ჩემგან ინფორმაციებს, მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მივმართე გიორგი კიკალიშვილს, თანამდებობის პირია. ავუხსენი ვითარება და პირიქით, მე-9 დღეს გეგუთის მე-14 დაწესებულებიდან გადამიყვანეს მე-2 დაწესებულებაში. სამი დღის მერე გამომიგზავნეს პირადი ნივთები.

მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ზირაქაშვილი მამუკა, მე-14 დაწესებულების ხელმძღვანელი ვინც არის იქ, მეგრელიშვილი ტარიელი უსაფრთხოების უფროსი და ტერორის ქვეშ ვიყავი. იძულებული გავხდი, ამოვიკერე პირი, ჩემთან ერთად ამოიკერეს ბიჭებმაც პირები, მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნდა იქ. ამის შემდეგ არც ოქმი, არაფერი შეუდგენიათ. იქ კამერაში კარგად ჩანს ჩემი გადაადგილება და ჩანს, როგორ მხვდებიან მამუკა ზირაქაშვილი და მისი მოადგილეები. ასე გაუსაძლის პირობებში გვიწევს ყოფნა.

ჩემთვის აქვთ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყენებული, უსაფრთხოების უფროსი ინფორმაციების ითხოვდა "ზონიდან", რაზეც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მე. ითხოვდნენ ინფორმაციას რა ხდებოდა იქ ბიჭებთან, რამე ხომ არ ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო, შიდა ინფორმაციებს მთხოვდნენ და უარი რომ ვუთხარი, მას მერე შეიცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება.

ციხის დირექტორი ვინც არის ზირაქაშვილი მამუკა, არაერთხელ მოუყენებია მას ჩემთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ტარიელ მეგრელიშვილს. დამიბარეს, რომ დირექტორი მიბარებდა, ავედი და დამხვდა ტარიელ მეგრელიშვილი, დირექტორი იქ არ დამხვდა, ასევე დამხვდნენ ბადრაგის თანამშრომლები. მითხრა, შენ ახლა მიდიხარ.... და კიკალაშვილმა გადაგარჩინოს ახლაო - ეს იყო მისი ბოლო პასუხი, ტარიელ მეგრელიშვილის.

ახლა მე-10 დაწესებულებაში ვარ, ჩემი ნებით გადმოვედი. იქ არაფერი მქონდა, პირადი ნივთები სამი დღის მერე გამომიგზავნეს და იძულებული გავხდი, გადმოვსულიყავი აქ.

თქვენს ნომერზე ვერ ვახერხებ დარეკვას, შეყვანილი ჰყავთ, ალბათ, ნომრები, რომ თქვენამდე ვერ მოვაწვდინოთ ხმა და ითიშება ხოლმე.

ჩემი მოთხოვნაა, საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა და ის იოსელიანი დაზეპირებულლ ტექსტს რომ ჰყვება, შესული ვიყავით და არაფერი ხდებაო, შემხვდეს მე და მომისმინოს, რა ხდება. ვითხოვ სახალხო დამცველთან შეხვედრას და რეაგირებას", - განაცხადა ლევან გულუამ.

"ინფო იმერეთი“ მზადაა, აღნიშნულ ბრალდებებზე მე-14 პენიტენციური დაწესებულების ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის საპასუხო კომენტარიც გამოაქვეყნოს.