ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე მცხოვრებლები მძიმე ინფრასტრუქტურულ პირობებზე საუბრობენ.

ადგილობრივების განცხადებით, შიდა საუბნო გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ამბობენ ტაქსის მძღოლები.

მოსახლეობის თქმით, წვიმის დროს ეზოებში წყალი დგება და ტალახის გამო გადაადგილება შეუძლებელია. გარდა ამისა, სრულად ამორტიზებული და დაზიანებულია ეზოში არსებული საბავშვო ატრაქციონებიც, რის გამოც მოზარდებს ანტისანიტარიასა და საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ თამაში.

მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, მათ დახმარების თხოვნით ადგილობრივ მერიას მიმართეს, თუმცა უწყებამ გზის საფარის რეაბილიტაციაზე უარი უთხრა და ალტერნატივად სამშენებლო ნარჩენების გამოყენება შესთავაზა.

"გზის მოწესრიგებაზე უარი გვითხრეს. ასე გვითხრეს ბეტონის ნატეხებს მოგცემთ და გზაზე თავად დააგეთო. საშინელი მდგომარეობაა, ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ, ფაქტობრივად ტალახში უწევთ ყოფნა“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობა ქუთაისის მერიისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას, შიდა გზის კაპიტალურ შეკეთებას და საბავშვო სივრცის განახლებას მოითხოვს.