ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მცხოვრები 90-მდე ოჯახი მუნიციპალიტეტისგან დახმარებას და გზის აღდგენას ითხოვს. რამდენიმე თვის წინ, აღნიშნულ პერიმეტრზე კლდოვანი ფერდობიდან ქვათაცვენის პროცესი განვითარდა, რის გამოც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციამ საავტომობილო მოძრაობა სრულად შეზღუდა.

ამ დროისთვის ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტობრივად იზოლაციაშია დარჩენილი. მათი განმარტებით, მთავარი გზის ჩაკეტვის გამო დასახლებაში თავისუფლად და ოპერატიულად ვერ შედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მოქალაქეებს ყოველდღიური გადაადგილება შემოვლითი, გზებით უწევთ, რაც მათთვის დამატებით სირთულეებს ქმნის.

ადგილობრივების თქმით, თუ უახლოეს პერიოდში არ დაიწყება სამუშაოები გზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისინი საპროტესტო აქციას ქუთაისის მერიასთან გამართავენ. მოსახლეობა მოითხოვს, რომ უწყებებმა წარმოადგინონ პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა და ვადები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ნგრევა ან უბედური შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ მწვანეყვავილას ქუჩა ქალაქის ერთ-ერთ რთულ გეოლოგიურ ზონაში მდებარეობს. რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული კლდოვანი მასივი ეროზიულ პროცესებს განიცდის, რაც პერიოდულად იწვევს ქვათაცვენას. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე ადრეც ჩატარდა გარკვეული დამცავი სამუშაოები, არსებული ინფრასტრუქტურა კლდის მასის შეკავებას ვეღარ უზრუნველყოფს. სპეციალისტების შეფასებით, საჭიროა კომპლექსური გეოლოგიური კვლევა და ფერდობის კაპიტალური გამაგრება.