კომპანიამ აღიარა ფინანსური ვალდებულება, რომელიც ჯერ კიდევ 2025 წელს უნდა გაეცა და დღემდე გაუცემელია, - ამის შესახებ ფეისბუკგვერდი "მაღაროელი" წერს.
მაღაროელების ცნობით, "ჯორჯიან მანგანეზს“ მათი მინიმუმ 18 თვის ხელფასი მართებს.
"საპროტესტო აქციების დაწყების მომენტში, რომელიც კომპანიის უპასუხისმგებლო ქმედებებს მოყვა, ჭიათურის საწარმოებში 3620 დასაქმებული მუშაობდა. დღეის მდგომარეობით კი მხოლოდ 2211 დასაქმებულიღაა შემორჩენილი. ეს რიცხვი მოიცავს როგორც ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, ისე რიგით მუშებს. ვისი განთავისუფლება მოხდა? რა თქმა უნდა არა დირექტორატის. ინჟინრები, ცვლისა და სმენის უფროსები, მოადგილეები და სამსახურის უფროსები სრულად ადგილზე არიან. კი ბატონად, ნამდვილად ასეა, ეს შრომის ინსპექციამაც დაასკვნა.
გარდა ამისა, კომპანიაში დღესაც დიდი სამართლებრივი დარღვევებია. გვინდა გაცნობოთ, რომ კომპანიამ აღიარა ფინანსური ვალდებულება, რომელიც ჯერ კიდევ 2025 წელს უნდა გაეცა და დღემდე გაუცემელია. გამოცდილი და კვალიფიცირებული კადრების 70% სამსახურის გარეშე დარჩა; მათ არ ეძლევათ სამსახურში აღდგენის საშუალება და უფლება სხვადასხვა მიზეზით, რომელთა შორის ყველა მიზეზი დისკრიმინაციულია.
ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებს რომ ჰკითხო, ყველაფერი გააკეთეს, აბა, ხედავთ, რა შედეგიცაა, ქალაქი დაიცალა! მოვითხოვეთ სამმხრივი კომისია, ისეთი, სადაც უშუალოდ პროტესტში მყოფი მაღაროელები ვიქნებოდით და არა თვითმარქვია „პეტრიაშვილის ბანდა“, თუმცა ამაზე პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.
გაგვეცით პასუხი ერთ მარტივ კითხვაზე: რატომ არ გვეძლევა უკვე წელიწადი და 7 თვეა მუშაობის საშუალება და ამდენივე პერიოდის კუთვნილი ხელფასი? ანუ, "ჯორჯიან მანგანეზს“ ჩვენი მინიმუმ 18 თვის ხელფასი მართებს. სადაა ახლა ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები?!", - წერს "მაღაროელი".