"რაც უფრო ნაკლები რეისი შესრულდება ქუთაისის აეროპორტიდან, მით უფრო იკლებს ამ ქალაქის მიზიდულობის მნიშვნელობა“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ Travel To Georgia-ს დირექტორი და ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი ქუთაისის აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით ფრენების გაუქმების საკითხს.
ქუთაისი-ლიონის ფრენების შეჩერების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაცია "ბიზნესპრესნიუსს“ ავიაკომპანია Wizz Air-ში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით ფრენებს 2026 წლის 22 ოქტომბრიდან შეაჩერებს.
ლაშა ბერეკაშვილის შეფასებით, კონკრეტულ მიმართულებებზე რეისების შენარჩუნებისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო.
როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ კუთხით კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა არ ხდება.
"რაც უფრო ნაკლები რეისი შესრულდება ქუთაისის აეროპორტიდან, ამ ქალაქის მიზიდულობის მნიშვნელობა მით უფრო იკლებს. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რაც უფრო ცოტა ადამიანი დაინტერესდება ამ ქალაქით, ზოგადად იმერეთით და საქართველოთი.
საფრანგეთი და ევროპის ბაზარი ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ყოველი ახალი რეისის დამატებას ხომ ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება და ათმაგი ძალისხმევაა საჭირო მისი შენარჩუნებისათვის.
ლიონის მიმართულება იყო ახლად დანიშნული რეისი, რომელსაც განვითარება სჭირდებოდა. განვითარება კი გულისხმობს ბევრ სარეკლამო აქტივობას და ზოგადად აქტიურობას, როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან.
ყოველი ასეთი რეისის ვერამუშავება მარტო "ვიზეარის“ ან ქუთაისის აეროპორტის პასუხისმგებლობა არ არის, ეს ყველას პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა იყოს.
საფრანგეთი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველიანი ქვეყანაა, წესით, ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარების კუთხით, პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ მიმართულებით თითოეული რეისის გაუქმება, რა თქმა უნდა, არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რასაც გამოსწორება და შესაბამისი აქტივობა სჭირდება.
მაგალითად, კოპენჰაგენის რეისი რომ გაუქმდა {არადა ეს ტურისტები ევროპის მასშტაბითაც კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველიანი ტურისტები არიან}, ერთი წლის შემდეგ ჩამოიყვანეს საინფორმაციო ტურზე დანიიდან სხვადასხვა მედიასაშუალებები. მგონია, რომ ეს აბსოლუტურად არათანმიმდევრული მიდგომაა.
მაშინ, როდესაც ქუთაისის აეროპორტში ეს რეისები არსებობდა, მათი შენარჩუნებისთვის არანაირი პიარკამპანია არ ჩატარებულა. რეისს რომ ნიშნავს „ვიზეარი“, მერე იმას განვითარება აღარ მიჰყვება ხოლმე და ამ მიმართულებების შენარჩუნებისთვის პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა, ისევე როგორც ლიონის შემთხვევაში.
ზოგადად, პრობლემაა რეისების განვითარება. ქუთაისის აეროპორტს კარგა ხანია არც ახალი რეისი დამატებია და უფრო დიდი ხანია, არც ახალი ავიაკომპანია გამოჩენილა.
რეისების გაუქმებამ კი უკვე საკმაოდ მძიმე გავლენა მოახდინა. რომ გავიხსენოთ, აბუ-დაბის, ვენის, კოპენჰაგენის, ტალინისა და რიგის რეისების გაუქმებით, საკმაოდ დიდი ზიანი მიიღო რეგიონმაც და ქვეყანამაც, მათ სანაცვლოდ კი ახალი რეისები აღარ დანიშნულა.
ნეგატიურ კონტექსტში საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს ბოლო, ლიონის რეისის გაუქმებაც - როგორც საინფორმაციო ველში, ისე ფიზიკურად, დაკლებული ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან“.