ქუთაისში დილის პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა მოსახლეობას პრობლემას უქმნის.

მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები აცხადებენ, რომ იმ დროს, როდესაც სასწავლო პროცესი იწყება, ტრანსპორტი დიდი ინტერვალით მოძრაობს, რის გამოც მგზავრები იძულებული ხდებიან, ტაქსით ისარგებლონ.

ადგილობრივების თქმით, დილის საათებში გაჩერებებზე ხანგრძლივი ლოდინი უწევთ, ხოლო ტრანსპორტში გადაადგილება გადატვირთულობის გამო თითქმის შეუძლებელია.

"ქალაქში დილით პირველი ავტობუსი მუშაობას 08:00 საათზე იწყებს, მაშინ როცა სკოლების უმრავლესობაში გაკვეთილები 08:30 საათზე იწყება. გაჩერებაზე 20 წუთი რომ უწევს ადამიანს დგომა, ერთმა ტრანსპორტმა თუ გაგასწრო, აუცილებლად დაიგვიანებ. როგორ შეიძლება პიკის საათში 20-წუთიანი შუალედი იყოს? შიგნით ცალ ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ არის. როდის გამოსწორდება ეს გაუსაძლისი სიტუაცია?“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „ინფო იმერეთთან“ საუბარში.

მოქალაქეები ასევე ამახვილებენ ყურადღებას კონკრეტულ მარშრუტებზე არსებულ ხანგრძლივ ინტერვალებს და სამარშრუტო ტაქსებში არსებულ ანტიასანიტარიაზე.

"21-ე სკოლასთან #10 ავტობუსი რომ წავიდა, მომდევნოს მოსვლის დროდ 54 წუთი დაეწერა. ანუ მოსწავლემ 54 წუთი უნდა ელოდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს? ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ჯოჯოხეთია. სამარშრუტო ტაქსები ცალკე თემაა - უზრდელი მძღოლებით, დაბინძურებული სკამებით და ფარდებით“, - აღნიშნავს კიდევ ერთი მცხოვრები.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და სატრანსპორტო სამსახურს მოუწოდებს, დილის საათებში ავტობუსების რაოდენობა გაზარდონ და მოძრაობის ინტერვალი შეამცირონ.