საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მდებარე აბაშიძეების ეკლესიის უნიკალური XVI საუკუნის ფრესკები მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება.
ფოტოგრაფის თქმით, ფრესკები, სადაც XVI საუკუნის საერო პირები თავიანთი ეპოქის სამოსით არიან გამოსახული, მალე შეიძლება სრულად გაქრეს. ასეთი ტიპის გამოსახულებები ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში უნიკალურია და მათი დაკარგვა სერიოზულ დანაკარგად ჩაითვლება.

„მალე შეწყვეტს არსებობას ეს ფრესკები. ნალესობა კედლებს არის დაშორებული და დანესტილია. დაზიანება განსაკუთრებით დიდია რამდენიმე მათგანზე“, - წერს ფოტოგრაფი.
მისივე თქმით, ტაძარი რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარეობდეს, მასზე ბევრად მეტი ადამიანი იდარდებდა, მაშინ როცა 1510 წელს აგებული ჭალის აბაშიძეების ეკლესიის შესახებ დღეს მხოლოდ მცირე წრემ იცის.
ადგილობრივები და სპეციალისტები მოუწოდებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რომ ფრესკების გადაუდებელი კონსერვაცია და გადარჩენის სამუშაოები დაიწყოს, რათა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე უნიკალური ნიმუშები მომავალ თაობებს შეუნარჩუნდეს.
ფოტოები: Guram graphy