ქუთაისში, ჭომის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ქეთევან წამებულის მეორე შესახვევში მცხოვრებთა განცხადებით, ტერიტორიაზე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, მათ საცხოვრებელ სახლებს სერიოზული საფრთხე დაემუქრა.

ადგილობრივების განმარტებით, სამუშაოების პროცესში შეიცვალა მდინარის კალაპოტი და გზა ისე გაიყვანეს, რომ უხვი ნალექისა და წყლის დონის მომატებისას, ნაკადი პირდაპირ საცხოვრებელი სახლებისკენ მიედინება. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი პრობლემა მანამდე არასდროს შექმნილა.

"არსებობს რეალური საშიშროება, რომ მდინარის ადიდებისას გამოირეცხოს ნიადაგი, დაზიანდეს საძირკველი და სახლები მთლიანად ჩამოინგრეს. ვითარება ყოველდღიურად უფრო საშიში ხდება. სანამ გამოუსწორებელი შედეგი დადგება, აუცილებელია შესაბამისმა უწყებებმა დროულად მოახდინონ რეაგირება და პასუხისმგებელმა კომპანიამ შექმნილი მდგომარეობა გამოასწოროს“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე არსებული მდგომარეობა ფოტომასალაშიც ნათლად ჩანს - მდინარის ახალი კალაპოტი საცხოვრებელ ზონასთან კრიტიკულად ახლოსაა.

მოსახლეობა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი საფრთხე.