ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის კედელი ჩამოიშალა.

როგორც სამშენებლო ობიექტზე არსებული ბანერი მიუთითებს, კორპუსს კომპანია "თეთრი კვადრატი" აშენებს.

სამშენებლო მასალები მაღაზიის შესასვლელთან ჩამოვარდა, დაზიანებულია კომერციული ობიექტის სარეკლამო მასალაც.

"შემოვიდა მომხმარებელი და რამდენიმე წამში გავიგონეთ საშინელი ხმა და დადგა მასალების საშინელი მტვერი. გარეთ რომ გამოვედით ჩამოყრილი ბლოკები დავინახეთ, სასწაულად გადაურჩნენ ჩვენი მომხმარებლები სიკვდილს. შემთხვევა შუადღეს მოხდა", - განუცხადა "ინფო იმერეთს" კომერციული ობიექტის გამყიდველმა.

"ინფო იმერეთი" მზად არის, სურვილის შემთხვევაში კომპანია "თეთრი კვადრატის" კომენტარი გაავრცელოს.

კედლის ჩამოშლის შედეგად კომერციული ობიექტის სარეკლამო წარწერების დაზიანებასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.