იმერეთში მოქმედ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს იმერეთის გუბერნატორთან ლევან ზალკალიანთან არაერთი აქტუალური კითხვა დაუგროვდათ. მიუხედავად ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების სიმრავლისა, იმერეთის გუბერნატორს  მიმდინარე და გასული წლის განმავლობაში პრესკონფერენცია ან ბრიფინგი მედიისთვის ერთხელაც არ გაუმართავს.

"ინფო იმერეთმა" ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ჰკითხა, თუ რა თემებზე წუხან განსაკუთრებით მათი რესპონდენტები, რა პრობლემების გაშუქებას ითხოვს მოსახლეობა და რა კითხვებს დაუსვამდნენ იმერეთის გუბერნატორს, ის მედიისთვის პრესკონფერენციას რომ მართავდეს.

პირველ რიგში, მედიასა და საზოგადოებას აინტერესებს თავად მედიასთან კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის საკითხი: რატომ არ გამართულა გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში არცერთი ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, როდის იგეგმება საზოგადოებასთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა, რატომ ჭიანურდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შესრულებული პროექტები რატომ არის უხარისხო, რატომ იცლება რეგიონი მოსახლეობისგან.

თათია ახვლედიანი "მეგა ტვ“:

"იმერეთში რამდენიმე მწვავე პრობლემა გვაქვს, რომლებზეც მოსახლეობა დღემდე პასუხებს ელოდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად ათეულობით ოჯახმა სახლი დაკარგა და კომპენსაციისა და მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი კვლავ გაურკვეველია; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში, მოსახლეობის ნაწილი მეწყრის გამომწვევი მიზეზების სრულყოფილ შესწავლას ითხოვს და ეჭვქვეშ აყენებს რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების შესაძლო გავლენის სათანადოდ გამოკვლევას; ხოლო ჭიათურის სოფელ ზოდში მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიმდინარეობს, რაც ადგილობრივების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებს აჩენს. რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო ამ ადამიანების წინაშე, როდის მიიღებენ ისინი კონკრეტულ პასუხებსა და რეალურ დახმარებას და ვინ აგებს პასუხს, თუ დადგინდება, რომ ადამიანების საცხოვრებელი გარემო ან საარსებო წყარო სათანადოდ არ იყო დაცული?"

თეკლა მორგოშია "ქუთაისი პოსტი“:

"იმერეთის რეგიონში დაახლოებით ათზე მეტ საჯარო სკოლაში პრობლემებია - ზოგან მშენებლობა, ზოგან კი რეაბილიტაცია წლებია ვერ სრულდება, რის გამოც მოსწავლეებს არასათანადო პირობებში, არასრულფასოვნად უწევთ განათლების მიღება. სად ხედავთ თქვენს პასუხისმგებლობას ამ პრობლემებში და რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამთ მათ მოსაგვარებლად?"

ირაკლი ვაჩიბერაძე "ინფო იმერეთი“:

"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ იმერეთიდან მოსახლეობის, განსაკუთრებით კი შრომისუნარიანი ადამიანებისა და ახალგაზრდების გადინება გრძელდება. შედეგად, რეგიონის მოსახლეობა მცირდება.

მოსახლეობა ამბობს, რომ რეგიონის დატოვების მთავარი მიზეზები უმუშევრობა, დასაქმების შემთხვევაში კი მიზერული ანაზღაურება, უიმედობა და პერსპექტივის არქონაა.

თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემას და რას აკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებს, უკიდურეს შემთხვევაში კი მთელ ოჯახებს, იმერეთის დატოვება იძულებით არ უწევდეთ?"

ლაურა გოგოლაძე, "ჩემი ხარაგაული"

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან დღეისათვის გაზიფიცირებულია მხოლოდ დაბა ხარაგაული და 14 სოფელი: ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი, წიფი, ვარძია, კიცხი, თეთრაწყარო, საქარიქედი, ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი, ჩხერი, ლაშე და ჯაფაროული. მოსახლეობა, წლებია, ითხოვს და როდის გაზიფიცირდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფლები?

ივლიტა გოგუა "FirstNews.ge“:

"ზამთარი ახლოვდება. გვახსოვს გასული წლების პრაქტიკა, როდესაც პირველივე თოვლმა იმერეთში  დიდი პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზაზე გადაადგილება უჭირდათ როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს. სოფლებშიც კი გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო. ხვდება თუ არა იმერეთის მხარე ზამთრის სეზონს მომზადებული? რა რაოდენობის სპეცტექნიკაა მწყობრში?"

"ინფო იმერეთი" გამოთქვამს მზადყოფნას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ან პირადად ლევან ზალკალიანის მხრიდან პასუხების არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მისი პოზიციაც სრულად მიაწოდოს. ვიმედოვნებთ, რომ მედიის კითხვები უპასუხოდ არ დარჩება.

მედიისთვის გამართული პრესკონფერენციები მხოლოდ ფორმალური შეხვედრები არ არის - ეს არის საჯარო მმართველობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. სწორედ პრესკონფერენცია აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას შესაძლებლობას, იყოს გამჭვირვალე, პირდაპირ უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს და ეჭვებს, ხოლო მოქალაქეებს მიაწოდოს გადამოწმებული, პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია.

ამ პროცესში მედია ასრულებს მთავარ დამაკავშირებელ ხიდს ხელისუფლებასა და ხალხს შორის.

ჟურნალისტები პრესკონფერენციებზე გამოხატავენ არა პირად ინტერესს, არამედ საზოგადოების ხმას - სვამენ იმ მწვავე და აქტუალურ კითხვებს, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. როდესაც ხელისუფლება ერიდება მედიასთან პირდაპირ დიალოგს, ამით უგულებელყოფილი რჩება მოქალაქის უფლება იცოდეს, როგორ იმართება მისი ქალაქი და როგორ იხარჯება მისი საბიუჯეტო სახსრები.