ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ ადგილობრივი წმინდა გიორგის სალოცავის წინაშე დაიფიცა, რომ სოფლის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლებს და გადასახლებას არ დათანხმდება.

ადგილობრივების პროტესტისა და ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიზეზი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ლოჯისტიკური კომპანიის (სმს) ხელმძღვანელის მიხაილ სოცკის განცხადება გახდა, რომელმაც 2026 წლის ივლისში სოფლიდან მოსახლეობის გადასახლება გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილებას 22 აგვისტოს გამართულ სოფლის ყრილობაზე შუქრუთის მცხოვრებთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უპასუხა და ერთობლივი განცხადება შეიმუშავა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ჭიათურის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს გადაეგზავნა.

განცხადებაში მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება სოფლიდან აყრასა და გადასახლებას. ამასთან, კომპენსაციამიღებული ოჯახები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მათ, ვისაც ზარალი დღემდე არ აუნაზღაურდა და სახელმწიფოსგან მათი პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივები ასევე მოითხოვენ სასწრაფოდ შეწყდეს ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების მცდელობა და სახელმწიფო გახდეს იმის გარანტი, რომ მოხდება მიწისქვეშა გამომუშავებული ველების გადამაგრება, რათა მოსახლეობამ უსაფრთხოდ ცხოვრება შეძლოს.

პრობლემები სოფელში განსაკუთრებით 2017 წლიდან გამწვავდა, მას შემდეგ, რაც კომპანიაში სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური მმართველი დაინიშნა. შუქრუთში ხელახლა გაიხსნა დახურული მიწისქვეშა უბნები და წიაღისეულის მოპოვება ისეთი გვირაბებიდან დაიწყო, რომლებიც სოფლის ე.წ. „საყრდენს“ წარმოადგენდა. ამის შედეგად სოფლის ტერიტორიაზე გაჩნდა ნაპრალები, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები, სასაფლაო და ადგილობრივი ტაძარი.

2019 წლიდან დაწყებული პერმანენტული პროტესტის მიუხედავად, კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურების პირობა სრულყოფილად დღემდე არ შესრულებულა. მოსახლეობა სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოსა და კომპანიის სპეციალურ მმართველს და აფრთხილებს შესაბამის უწყებებს, არ დაუშვან სოფლის ჩანგრევა მიწისქვეშა სამუშაოების გამო და შემდგომში ეს პროცესი მეწყერს ან სხვა მოგონილ მიზეზებს არ გადააბრალონ.