ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი ზურაბ ოიკაშვილი "ინფო იმერეთთან" აცხადებს, რომ თეატრის რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
მისივე თქმით, საჭირო გახდა თანხის დამატებაც.
ზურაბ ოიკაშვილის თქმით, პროცესის გაჭიანურება როგორც ობიექტურმა, ისე სუბიექტურმა გარემოებებმა განაპირობა.
"სულმოუთქმელად ველოდებით ჩვენც, საზოგადოებაც, მუსიკის მოყვარულებიც, არამოყვარულებიც და მე მგონი, ყველა. გაჭიანურდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, შესაცვლელი გახდა შიგნით, რაც არ იყო გათვალისწინებული თავიდან, ე.წ. სცენის სარკე, რომლის დემონტაჟი გახდა საჭირო იმისთვის, რომ გასწორებულიყო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სცენა და დარბაზი, პრაქტიკულად, ერთმანეთს იყო აცდენილი, რაზეც დიდი ხანია იყო მსჯელობა, თურმე, მაგრამ შენობა რომ აშენდა თავის დროზე - 60-იან წლებში, აი, მაშინ იყო დაშვებული გარკვეული შეცდომა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნიდა რეჟისორებსაც, იქ მოღვაწეებსაც, მხატვრებსაც და ასე შემდეგ.
მოგეხსენებათ, თეატრის დიზაინი, ინტერიერი და ფარდა, რაც მთავარია, შეიქმნება მურაზ მურვანიძის ავტორობით და სწორედ ბატონმა მურაზმა რომ ნახა ეს მდგომარეობა - სრულიად შეუსაბამო იყო ერთმანეთთან დარბაზი და სცენა, ამიტომ გადაწყდა, რომ ეს საშვილიშვილოდ უნდა გაკეთებულიყო ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს პრობლემა აღარ გასჩენოდა შემდგომი თაობის რეჟისორებს, მხატვრებს, მუსიკოსებს.
მაშინ სერიოზული ცვლილება შევიდა პროექტში ამ სცენის ეკრანის გასწორებისთვის - ამას მივიჩნევ მე ობიექტურ გარემოებად, რა თქმა უნდა, სუბიექტური გარემოებებიც იყო - სამშენებლო კომპანიას გაუჩნდა გარკვეული პრობლემები და ამ ყველაფრის თანხვედრამ გამოიწვია ის, რომ დროში გაიწელა, სამწუხაროდ.
ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, როგორც დღეს მიმდინარეობს, წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს სარეაბილიტაციო პროცესი.
შენობა თავის დროზე არასწორად იყო აშენებული. ტექნიკური დეტალი იყო ასეთი, რომ შეიძლებოდა ამის ვიზუალური მხარის გასწორება, მაგრამ ამ ვიზუალური მხარის გასწორებით, სხვა ფორმით შეფუთვა ვიზუალურ დეფექტს გამოიწვევდა იმიტომ, რომ კედლის სიგანე ამ შეფუთვით გამოვიდოდა ორი მეტრი, რაც სრულიად გაუგებარი იქნებოდა.
თანხის დამატება გახდა საჭირო, ოღონდ ძალიან უმნიშვნელო თანხა - დაახლოებით, 8 50 ათასი 22 მილიონთან", - განაცხადა ზურაბ ოიკაშვილმა "ინფო იმერეთთან".
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2025 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო.