ხვალ ოთხი ჭიათურელი მაღაროელის რიგით მეორე სააპელაციო სასამართლო პროცესი გაიმართება.

"ხვალ ჩვენი ბიჭების რიგით მეორე სააპელაციო სასამართლო პროცესია. ორიოდე სიტყვით მინდა აგიხსნათ, თუ რა არის აპელაცია და რატომ მიმართავენ მას.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტურადაც და სუბიექტურადაც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევ, თუმცა მიკერძოებული სასამართლოსა და მოსყიდული მოწმეების გამო სამართალს კარგავ, ერთადერთი გამოსავალი სწორედ აპელაციაა. ეს ბიჭები დამნაშავეები რომ იყვნენ, თავადაც მობეზრდებოდათ ზედმეტი ბრძოლა და, პირიქით, აღიარებითი ჩვენებითა თუ საპროცესო შეთანხმებით შეეცდებოდნენ, ასე ვთქვათ, შედარებით მარტივად დაეღწიათ თავი ამ მდგომარეობისთვის.

თუმცა, ისინი ობიექტურადაც და სუბიექტურადაც მართლები არიან. შეუძლებელია, მართალი ადამიანი გისოსებში გამოკეტო და ის ბედს შეეგუოს. არამც და არამც! ეს ბიჭები ბრძოლის, თავისუფლების, მეგობრობისა და სხვებზე ზრუნვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები არიან. მათ კისერზე დღეს 2200 მაღაროელის ბედი დგას, თუმცა თავად მაღაროელებმა ეს დაივიწყეს. მაგრამ ამას არ ვივიწყებთ ჩვენ!

ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობის აღსადგენად; ვიბრძვით ყველა იმ დაჩაგრული მშრომელის სახელით, ვინც მძიმე პირობების გამო იჩაგრება და ხმას ვერ იღებს მხოლოდ იმის შიშით, რომ ის ორი კაპიკიც არ დაკარგოს, რაც აქვს.

ჩვენ ვიბრძვით, ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ, მაგრამ ამ გზაზე საზოგადოების მხარდაჭერა და დახმარება უმნიშვნელოვანესია. თუ თავად ვერ საუბრობთ ან არ გსურთ გამოჩენა, დაეხმარეთ მას, ვინც ამას თქვენ ნაცვლად აკეთებს. ადრე თუ გვიან გამარჯვება აუცილებლად დადგება და ეს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის წარმატება - ის ყველას შეეხება, გახდება სტიმული და იმედი მთელი მუშათა კლასისთვის.

გიზიარებთ ანგარიშის ნომერს. ვინც თვლით, რომ ამ საქმეში თქვენი ბრძოლაცაა, გამოხატეთ მხარდაჭერა დონაციით:#GE40BG0000000604733786GEL" - წერს ფეისბუკგვერდი "მაღაროელი".

ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებით, მერაბ სარალიძეს - 6 წელი და 3 თვე, გიორგი ნეფარიძეს - 6 წელი და 3 თვე, თენგიზ გველესიანს - 4 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წელი და 3 თვე 20 იანვარს მიესაჯათ.