ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2026 წლის 13 ივნისს TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც ჩანს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული მოქალაქეებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით ჯგუფურად განხორციელებული წამება/დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.
საია წერს, რომ გავრცელებული კადრები, ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, სისტემური ძალადობის კიდევ ილუსტრაციას წარმოადგენს.
"გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა. ასეთი სისტემის მოქმედებებში მკაფიო ქცევის მოდელად ჩამოყალიბდა ძალადობრივი და დამამცირებელი ქმედებების ვიდეოგადაღება, რაც არაერთ შემთხვევაში თავად ძალადობის პროცესის თანამდევ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნული პრაქტიკა, სავარაუდოდ, ემსახურებოდა იმ პირების დაშინებასა და შანტაჟს, რომელთა მიმართაც სხვადასხვა სახის ძალადობრივ და ღირსების შემლახავ ქმედებებს ახორციელებენ. ამასთან მიუთითებს იმაზე, რომ მოძალადე პოლიციელებს სისტემის მხრიდან შესაძლოა ჰქონდეთ დაუსჯელობის გარანტიები.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემატური და მასშტაბური იყო. ამას ადასტურებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი დოკუმენტირება, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში და საერთაშორისო მექანიზმების, მაგალითად CPT-ს ანგარიში". - წერს საია.
TV პირველმა პოლიციის განყოფილებაში გადაღებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს.