ჭიათურელი პატიმარი გაგა სოფრომაძე ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მან პროტესტის ნიშნად ციხეში თვითდაზიანებები არაერთხელ მიიყენა და ამჟამადაც, სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ციხის საავადმყოფოში იმყოფება და სიმართლის დადგენას ითხოვს. მისი თქმით, ტაქსის მძღოლის გარდაცვალება იყო არა განზრახული მკვლელობა, არამედ ჩხუბის დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა კაცი ხევში გადაიჩეხა.
ტყუპი ძმებიდან ერთ-ერთმა გოგა სოფრომაძემ, რომელიც მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა, 11 წელი უმკაცრესი რეჟიმის დაწესებულებაში გაატარა.
"ეტყობა სწყინთ, რომ არ ვკვდები, 400 დღეზე მეტი მაქვს ნაშიმშილები, თავის კარებზე რახუნი და ამდენი გადაჭრილი სხეული, თან 13 წელია, ვზივარ, არ აკმაყოფილებთ?" - წერს პატიმარი გაგა სოფრომაძე. მას განზრახ მკვლელობისთვის 20 წელი აქვს მისჯილი. სოფრომაძე ბრალს დღემდე არ აღიარებს.
პატიმრის დედა ქრისტინა გაფრინდაშვილი "შაბათის ფორმულასთან" აცხადებს, რომ მისი შვილი მძიმე თვითდაზიანებებით ციხის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
"სად ნახულობს რამეს, რომ მიიყენოს დაზიანება, მე არ ვიცი, გამოჭრილი აქვს ყელი და ვენები აქვს გადაჭრილი, უკვე მერამდენედ, არის ძალიან ფსიქოემოციურ მდგომარეობაში და ქრონიკული აშლილობა აქვს ამდენი ცემის, შეურაცხყოფის, თავში რტყმევის და შერყევის მიღების შედეგად", - აცხადებს პატიმრის დედა.
საქმე ეხება 2013 წელს მომხდარ შემთხვევას, როდესაც გაგა სოფრომაძემ მეგობართან ერთად ჭიათურის გზაზე ტაქსი გააჩერა. სიტყვიერი დაპირისპირება ნაცნობ ტაქსის მძღოლს და სოფრომაძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბს ტაქსის მძღოლი ემსხვერპლა.
საქმის მასალების მიხედვით გაგა სოფრომაძე და მისი ძმა გოგა სოფრომაძე, რომელიც ადგილზე არ ყოფილა, განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. დააპატიმრეს ადგილზე მყოფი მეგობარიც.
აღნიშნული საქმის "ოქროს მოწმე" "შაბათის ფორმულასთან" აცხადებს, რომ გაგა სოფრომაძეს მკვლელობა განზრახული არ ჰქონია და ტაქსის მძღოლი დარტყმის დროს ხევში გადაიჩეხა.
"რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩხუბობდნენ და ვერ შევძელი და ვერ გავაშველე, შემდეგ გაგამ ფეხი მოუქნია და ამირანი გადავარდა დაბლა. მისი არანაირი ხმა არ ისმოდა, ჩავედით და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. გაგა ძალიან განერვიულდა, როდესაც დავამშვიდე, გადავწყვიტეთ, რომ მიცვალებული წაგვეყვანა კაცხის სვეტზე ბერებთან", - აცხადებს "ოქროს მოწმე".
"ჯერ დანა მომიქნია და ხელში დამჭრა, მერე მეთქი ქვა არ აიღოს ან რამე და გავექანე, დავარტყი ფეხი და გადავარდა, რომ ჩავედით ქვაზე ჰქონდა თავი დარტყმული. მეგობარს დავუძახე ამოყვანაში დამეხმარეთქო, აღმართი იყო და გაგვიჭირდა ამოსვენება", - წერს სოფრომაძე.
საქმის მასალებით მიხედვით, მოკლულს მრავლობითი მოტეხილობები და სხეულზე უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. პროკურატურა ხევში გადავარდნის ვერსიას თავიდანვე უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ დაზიანებები წამების შედეგად მიაყენეს. მეორე მხარე კი ამტკიცებდა, რომ მძიმე დაზიანებები ტაქსის მძღოლმა მძიმე დაზიანებების შედეგად მიიღო.
"როდესაც მიცვალებულის ამოყვანა დავიწყეთ, ქვებიანი ადგილი იყო და მიცვალებული რამდენჯერმე დაგვივარდა", - აცხადებს მოწმე.
ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულები მალევე დააკავეს. სასამართლო პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკნებში ბრალის აღიარების მოთხოვნით მათზე ფიზიკურად იძალადეს. კამერის ჩანაწერები საქმიდან გამქრალია.
"გავიგონე გაგას ხმა, როდესაც გავიხედე დავინახე, რომ გაგას დაახლოებით 15 სპეცრაზმელი და ბადრაგის თანამშრომლები ყველა ურტყამდა. მე რომ დავუძახე - რა ხდება, მითხრეს, რომ რიგში ვიყავი და მართლაც რამდენიმე წუთში შემოვიდნენ ჩემთანაც და დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში მცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ", - აცხადებს საქმის "ოქროს მოწმე".
ცემის შედეგად სამივე დაკავებულმა მძიმე დაზიანებები მიიღო. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, სამივეს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, ნეკნების მოტეხილობა, დაზიანებები სახის არეში.
ადვოკატის განცხადებით, გაგა სოფრომაძე ციხემ არ მიიღო ისეთი დაზიანებები ჰქონდა.
"ციხე არ იღებდა არცერთს, მაგრამ სამივეს საავადმყოფოში გადაყვანა შეიძლებოდა, ყოფილიყო რეზონანსული. ვითომ დაიწყო ფორმალურად გამოძიება, რომელიც 8 წელიწადი გრძელდებოდა და ამის შემდეგ ცნეს გოგა და გაგა სოფრომაძეები დაზარალებულად", - აცხადებს ადვოკატი კახა მუმლაძე.
საქმის "ოქროს მოწმეს" თავისუფლების 10 წლით აღკვეთა შეეფარდა, იგი მოკლულის გატაცებაში ცნეს დამნაშავედ. ტყუპ ძმებ სოფრომაძეებს კი განზრახ მკვლელობისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
"მივედით, სადაც დაიღუპა ამირანი, ნახეს პოლიციელებმა, რომ სისხლის გუბე იყო, რომელსაც ჭიანჭველები ეხვია. ამოჭრეს პოლიციელებმა ეგ მიწა და დადეს პიკაპზე და შემდეგ საქმიდან ეს მიწა გაქრა, არც სასამართლოზე უხსენებიათ", - აცხადებს "ოქროს მოწმე".
სოფრომაძეების ოჯახი წლების განმავლობაში ითხოვდა გამოძიების ხელახლა დაწყებას. წლების შემდეგ, მათი მამა ყოფილ პოლიციელს შეხვდა, რომელიც სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა. ფარულ ჩანაწერში ის მტკიცებულების გაყალბებას ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ ჩვენებას მისი თანამშრომლების წინააღმდეგ ვერ მისცემს.
ძმები სოფრომაძეების დედის მოთხოვნით გამოძიება განახლდა და საქმე ქუთაისის პროკურატურიდან თბილისის პროკურატურას გადაეცა. მალევე დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული მეორე ძმა გოგა სოფრომაძე უდანაშაულო იყო. მან ციხეში 11 წელი გაატარა, აქედან 8 წელი უმკაცრესი რეჟიმის საპყრობილეში, სადაც არც კარცერი ასცდენია, არც შიმშილი პროტესტის ნიშნად და არც არაადამიანური მოპყრობა. მან საპატიმრო 2024 წელს დატოვა. მან სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 60 ათასი ლარი შესთავაზა, მაგრამ ყოფილმა პატიმარმა მის მიღებაზე უარი თქვა.
"სისხლით იყო მთელი კამერა სავსე. მუცელზე 28 ნაკერი მადევს, ხელებზე 8-8 ნაკერი. გამომძიებელმა მითხრა, ამდენჯერ სცადე თვითმკვლელობა და რომ არ მოკვდი, ვინ დაიჯერებს მაგასო", - წერს გაგა სოფრომაძე დედისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში.
ადვოკატი გაგა სოფრომაძისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს - განზრახ მკვლელობის მუხლი ჩაანაცვლოს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლმა. პატიმარი აცხადებს, რომ თუ ბრალის გადაკვალიფიცირება არ მოხდება, პროტესტს გააგრძელებს.