ააიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ქუთაისში პანელური დისკუსია გაიმართა. თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია: შესაძლებლობები, სარგებელი და უსაფრთხოების პერსპექტივები იყო.

პირველი პანელი ევროკავშირთან თანამშრომლობას დაეთმო, სადაც სამი ძირითადი თემა იქნა დაფარული: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პრაქტიკული სარგებელი, სამართლებრივი აპროქსიმაციის მნიშვნელობა ევროკავშირში გაწევრების პროცესში და DCFTA - სარგებელი და შესაძლებლობები.

მეორე პანელი საქართველო-ნატოს ურთიერთობებს დაეთმო, სადაც განხილული იყო ნეიტრალიტეტის საკითხი.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვისუნარიანობასა და იმ დახმარებებზე, რომლებსაც საქართველო 1990-იანი წლებიდან აშშ-სგან იღებდა.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირზე ცნობადობის ამაღლების მიზნით მსგავსი დისკუსიების ჩატარება რეგიონებში. ფაქტია, თემისა და საკითხის მიმართ მოსახლეობის ინტერესი დიდია, რადგან საჯარო სივრცეებში მსგავსი შესაძლებლობები ფაქტობრივად არ არსებობს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რა ტიპის დახმარება მიიღო 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველომ ნატოსგან და ევროკავშირისგან, რა დავკარგეთ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით და რატომ არის ნატო უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ააიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აღმასრულებელმა დირექტორმა მარიკა ვაჭარაძემ.