სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებს სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
"ამასთან, გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს სურს, საზოგადოებას მიაწოდოს მოკლე ინფორმაცია 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში პოლიციის მხრიდან მოპყრობის კუთხით ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეფუძნება. 2025 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 79 მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა პოლიციის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, ასევე ადვოკატებს, მოიპოვა და გააანალიზა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი მონაცემები.
მონიტორინგის შედეგად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ყოველწლიურად იღებს ინფორმაციას პოლიციის მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შესახებ, როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში და ადმინისტრაციულ შენობებში. შენარჩუნებულია ასევე ტენდენცია, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორებში წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაახლოებით ნახევარი უთითებს, რომ დაზიანება მიიღო უშუალოდ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ.
სახალხო დამცველი კვლავ იმეორებს, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ეფექტიანი გარანტიების გარეშე. სამწუხაროდ, ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციები წლების განმავლობაში შეუსრულებელია.
პატრულ-ინსპექტორებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ. ასევე არ არსებობს პოლიციის ავტომანქანებში დაკავებულთა ყოფნის ვიდეოგადაღების და გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება. პოლიციის სამმართველოებს და დეპარტამენტებში კამერების რაოდენობა არსებითად არ გაზრდილა, ხოლო ცალკეულ სამმართველოებში კამერები საერთოდ არ არის განთავსებული.
2025 წელსაც გამოვლინდა ფორმალური პროცედურების გარეშე, პირების ფაქტობრივად დაკავების უკანონო პრაქტიკა. გარდა ამისა, ანგარიშში აღწერილია დაკავებულების უფლებებზე ინფორმირების და ადვოკატის ხელმისაწვდომობის პრობლემები, ასევე დოკუმენტაციის წარმოების, მათ შორის, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დოკუმენტირების ხარვეზები.
სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები საპარლამენტო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ TV პირველმა პოლიციის განყოფილებაში გადაღებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს.