სასკოლო ბანკეტების სეზონი დასრულდა და სოციალურ ქსელებში ტრადიციულად აქტიურდება მსჯელობა იმ კოლოსალურ ხარჯებზე, რაც მშობლებს შვილების სკოლის გამოსაშვები საღამოების ორგანიზება უჯდებათ.
მშობლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ შვილის მე-12 კლასის დასრულება 5 000 ლარიდან 7 000 ლარამდე დაუჯდათ.
ერთ-ერთი მშობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ რომ შვილის ბანკეტი 5 000 ლარი დაუჯდა, რაც მისი ოჯახის არსებულ შემოსავალთან შედარებით შეუსაბამოდ დიდი და მძიმე ტვირთია.
"ჩემი შვილის ბანკეტი 5 000 ლარი დამიჯდა. შვილსაც ვერ ვუტყდები, რომ ეს თანხა ძალიან დიდია, არსებულ შემოსავალთან შეფარდებით. დედებო, გთხოვთ, ვისაც საშუალება არ გვაქვს, ნუ გვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, ნუ იჩენთ სასწაულ ინიციატივებს“, - წერს მშობელი.
მშობლის კრიტიკის ადრესატები, სხვა აქტიურ მშობლებთან ერთად, პედაგოგებიც გახდნენ. პოსტის ავტორი ღიად საუბრობს იმ უხერხულობაზე, რაც სკოლის გამოსაშვებ საღამოებზე მასწავლებლების უფასოდ მიწვევას და სასტუმროებში დაბინავებას უკავშირდება.
"მასწავლებლებო, ცოტა მაინც მოგერიდოთ, ამ სიმწრით დადებულ ფულებზე ქვეყნის წამყვან სასტუმროებში და რესტორნებში რომ ერთობით უფასოდ. თქვენც ხომ გყავთ შვილები, თქვენც ხომ იცით, რამდენია დღეს ერთი საშუალო ოჯახის შემოსავალი ამ ქალაქში?! თუ უფასო რომ არის რატომაც არა?! “ - აღნიშნულია მიმართვაში.