ტელერადიოკომპანია "რიონის" გარკვეული წილი გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიის ხელმძღვანელი თამარ ღვინიანიძე ავრცელებს.
მისი თქმით, ფინანსური პრობლემების გამო, მათ ინვესტორის მოძიება დაიწყეს. არხით სამშენებლო კომპანია "პანორამა ქუთაისი“ დაინტერესდა, რომელსაც გარკვეული წილი უკვე გადაეცა.
თამარ ღვინიანიძის განცხადებით, ტელეკომპანია "რიონის“ ისტორიაში ახალი, საინტერესო ეტაპი იწყება.
"ამ ბოლო პერიოდში ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა, ბევრი პრობლემა შეგვექმნა. ამიტომ დავიწყეთ იმ ადამიანების მოძიება, რომლებიც გვერდით დაგვიდგებოდნენ. მინდა გაგაცნოთ საინტერესო სიახლე: ჩვენ გვყავს ინვესტორი, რომელიც ტელევიზიის განვითარებაზე იზრუნებს. „რიონის“ გარკვეული წილი გადაეცა სამშენებლო კომპანია „პანორამა ქუთაისს“, რომლის წარმომადგენლებიც, თბილისელ კოლეგებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „რიონი“ ახალი ისტორიის შემქმნელად იქცეს. ჯერჯერობით ყველა დეტალზე არ ვისაუბრებ, ამ ეტაპზე არხის რეორგანიზაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა თამარ ღვინიანიძემ "რიონის" ეთერში.
ტელეკომპანია "რიონი" 38 წლისაა და პირველი ქართული კომერციული არხია.