ზესტაფონში, სოფელ როდინაულში ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროგადამცემი ხაზების პროექტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების სტატუსი მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) უფლება მიეცა, სასამართლოს მიმართოს ადგილობრივი კერძო მიწების ექსპროპრიაციის (იძულებითი ჩამორთმევის) მოთხოვნით.

საქმე ეხება სოფელ როდინაულში მდებარე ორ კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს, სადაც ელექტროგადამცემი ხაზების "აჯამეთი 1“-ისა და "აჯამეთი 2“-ის გაფართოების გამო ჯამში 73 კვ.მ ფართობი ხვდება (ერთ ნაკვეთზე 22 კვ.მ, ხოლო მეორეზე 51 კვ.მ). სსე-მ მესაკუთრეებს კომპენსაცია და ნებაყოფლობითი შესყიდვა შესთავაზა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

პროექტი დასკვნით ეტაპზეა და მისი მიზანი რეგიონში ელექტრომომარაგების გაზრდა და ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფაა (შედეგად შეიქმნა ახალი ხაზიც - "აჯამეთი 3“).

მინისტრის ბრძანება მიწის ავტომატურ ჩამორთმევას არ ნიშნავს - საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. კანონმდებლობით, საკუთრების ჩამორთმევა საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მხოლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობითაა დასაშვები.