გივი მიქანაძის განცხადებით, დღეიდან საქართველოს მასშტაბით დაიწყო პირველკლასელთათვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების იმ პუნქტებში დარიგება, საიდანაც პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მშობლებს ფორმების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

მიქანაძის განმარტებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია, რომ კონკრეტული კატეგორიის მოსწავლეები უსასყიდლოდ მიიღებენ ფორმებს და ამ შემთხვევაშიც ამავე პუნქტებში გადაეცემათ მათ ფორმები.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სულ მცირე, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს, შეიძინოს. სარეალიზაციო პუნქტების შესახებ მომავალი კვირიდან უკვე საზოგადოებისთვის საჯარო გახდება ინფორმაცია, რათა მოემზადონ და პირველი სექტემბრიდან უკვე იცოდნენ, სად უნდა მოხდეს ფორმების შეძენა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე განმარტებით, მომავალი კვირიდან  ასევე ამოქმედდება ონლაინპლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მშობლის მიერ ფორმის ონლაინ გამოწერა.

"საცალო ვაჭრობის გადახდისას თუ ონლაინ შეძენისას სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო ქეშბექ პოლიტიკა, რომელზეც ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენებთ ამ ფორმების სარეალიზაციო ფასს. გოგონასი თუ ბიჭის პიჯაკის ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის, ასევე, ქვედაკაბის სარეალიზაციო ფასი, თითოეულის – 25 ლარი. ამ ფასში შედის როგორც დამზადების, ასევე ტრანსპორტირების, ლოგისტიკის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აქ არ არის გათვალისწინებული არანაირი მოგება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.