სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, იმერეთში, ქალაქ ზესტაფონში, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, აგროქიმიკატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს.
"ინდმეწარმე ზ. ქ. (მის: რუსთაველის ქუჩა N97ა) ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სააგენტოსგან მინიჭებული აღიარების გარეშე, ხორბლის ფქვილის სავაჭრო სივრცეში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებისადმი არსებული მოთხოვნების სრული უგულებელყოფით ყიდდა აგროქიმიკატებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ინდმეწარმე დაჯარიმდა და აეკრძალა აგროქიმიკატებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე.
სასურსათო დანიშნულების პროდუქტთან ერთად აგროქიმიკატების და პესტიციდების რეალიზაცია დაუშვებელია და შეიცავს მაღალ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების შესაბამისად, აღნიშნული საშუალებებით ვაჭრობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ სავაჭრო ქსელში, სადაც დაცულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებისადმი არსებული მოთხოვნები, გამყიდველს კი აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია (მცენარეთა დაცვის ან აგრონომიული განათლება, გარემოსდაცვითი და სანიტარიული წესებისა და ნორმების ცოდნა), რათა მომხმარებელს მისცეს ახსნა-განმარტება მათი ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების შესახებ", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.