28 მარტს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაცია და ფერმერებისა და მომხმარებლების ერთმანეთთან დაკავშირება.
გამოფენა-გაყიდვა სტუმრებს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ზაქარია ფალიაშვილის N29-ში, გალაში, უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე 30-მდე ფერმერი და მეწარმე დამთვალიერებელს მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას წარუდგენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სურსათის უვნებლობასა და ადგილობრივ სტანდარტს - ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაეცნონ გეოგაპით სერტიფიცირებულ ფერმერებს, დააგემოვნონ და შეიძინონ მათ მიერ წარმოებული აგროსასურსათო პროდუქცია.
გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, აგრობაზრის მიმდინარეობისას მოეწყობა კულინარიული მასტერკლასებიც, რაც ღონისძიებას სტუმრებისთვის კიდევ უფრო ინტერაქციულს და საინტერესოს გახდის.
პროექტის შესახებ: საგაზაფხულო აგრობაზარი იმართება პროექტის - "გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში. მას ახორციელებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ (როგორც წამყვანი ორგანიზაცია), „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა“ (CSRDG) და „ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით.