პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ახალაძემ პარტიის რიგები დატოვა.
გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
ახალაძის თქმით, მისი ნაბიჯის მთავარი მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან „მოჩვენებითი ოპოზიციონერობა“ და ხელისუფლების მიმართ მორჩილება გახდა.
"ჩემთვის მიუღებელია პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მესვეურთა მხრიდან ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან მორჩილი პოლიტიკური რევერანსები და მოჩვენებითი ოპოზიციონერობა! შეურაცხმყოფელია გავლენიანი, თუმცა ოროსანი პარლამენტარების საამებლად მათი მითითებების შესრულება და, შესაბამისად, პარტიის წევრებში მართალი სიტყვის ჩახშობის მცდელობები და ღირსების შემლახველი მოთხოვნები, რაც მრავალჯერ შემეხო პირადად და რასაც, ცხადია, ვაპროტესტებდი, მაგრამ, სამწუხაროდ უშედეგოდ.
დღეს კი, ყველაფერ ზემოთ ნათქვამთან ერთად, იმის გამო, რომ პარტია თავად არ ინტერესდება რა, მოსახლეობის უმწვავესი შიგა პრობლემებით და მეტიც - მეც კატეგორიულად მომთხოვეს, აღნიშნულ პრობლემებზე სოცქსელებში აქტივობის შეჩერება, იძულებული ვარ, მივიღო შემდეგი გადაწყვეტილება - ვტოვებ, როგორც პარტიულ თანამდებობას, ასევე პარტიას!... სულ კარგად ბრძანდებოდეთ!“, - წერს ახალაძე.