ბევრი სტატუსი და კომენტარი წავიკითხე სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით (არ იყო მარტივი) და მინიმუმ ერთ საკითხში გეთანხმებით ყველას – ტყვეობაში მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციისას მეტი სიფრთხილე და ემპათია მოგვეთხოვება, - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ნოდარ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხვალ, შესაძლოა, მეც აღმოვჩნდე ციხეში და ძალიან არ მომეწონება ვინმემ იქიდან წერა ამიკრძალოთ.  კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სერიოზულად არც კი მიფიქრია მიშასთვის პატიმრობაში რამე აეკრძალათ. ის პოსტი კი ძალიან მალე წავშალე და გაუგებარია რა მიზანს ემსახურებოდა მიშასთვის ჩემი წაშლილი პოსტის სქრინის შეტანა. ციხეში უსამართლოდ გამოკეტილ პოლიტიკოსებს/აქტივისტებს/ჟურნალისტებს გარეთ მყოფთა იმედი უნდა ჰქონდეთ. ამიტომაც, ყველაზე ნაკლებად რაც მინდა, ამ ადამიანების წყენინებაა.

wannebe პოლიტიკოსი არ ვარ, დამწყები პოლიტიკოსი ვარ, ვუშვებ შეცდომებს და ალბათ, მომავალშიც დავუშვებ, მაგრამ ზუსტად ვიცი რა მინდა, რატომ ვარ ამ ბრძოლაში და მჯერა, ერთობით გავიმარჯვებთ!" - წერს ჩაჩანიძე.

მანამდე, ნოდარ ჩაჩანიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: "ქოცებო, ამასაც რომ აუკრძალოთ სულ ცოტა ხნით ციხიდან წერილების წერა, არ გიფიქრიათ? თუ ეს თქვენც არ გაწყობთ ჰო?". მას მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: "როგორც მითხრეს, ეს ჩემთვის უცნობი ადამიანი "ცვლილებების კოალიციის" აქტიური წევრი ყოფილა. ხოდა მინდა ავუხსნა ამ ორიენტირ დაკარგულ wannabe პოლიტიკოსს, რომ ივანიშვილი არ ბლოკავს ჩემს ფეისბუკ აქტიურობას ერთადერთი მიზეზის გამო, რომ თუ მან ეს გააკეთა, ჩემი ლეგენდა და პოპულარობა ერთი ორად გაიზრდება. ეს რომ ასე არ ყოფილიყო მას თქვენი კარნახი არ დასჭირდებოდა".