"აქ შენი განათლება და ის წითელი დიპლომი, რომელიც დიდის შრომით მოიპოვე, არავის აინტერესებს“, – ეს ირაკლი (იპო) აკობიას რეალობაა, ჟურნალისტის, რომლის ცხოვრებაც ერთი წლის წინ სპონტანურმა გადაწყვეტილებამ, ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლამ, რადიკალურად შეცვალა.
ის, რაც შორიდან "ამერიკულ ოცნებად“ ჩანდა, ადგილზე ნამდვილ გამოწვევად იქცა: უცნობი გარემო, განსხვავებული შეხედულებები და რუტინა, სადაც შენი წარსულით არავინ ინტერესდება. იწყებ ფიზიკურ მუშაობას და ნელ-ნელა გავიწყდება ყველაფერი, რაც დასვენებას ეხება, რადგან ამერიკული სამუშაო კულტურა დაუნდობელია -აქ მუშაობის ინტენსივობა მაღალია, კარიერა პირველ ადგილზე დგას, პირადი ცხოვრებისთვის კი დრო უბრალოდ აღარ რჩება. ირაკლი აღნიშნავს, რომ თუ ადამიანს ნერვული სისტემა მწყობრში არ აქვს, ამ ყოველდღიურობაში დეპრესიის აკიდება ძალიან მარტივია.
"ქართული და ამერიკული ცხოვრების წესი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც ძირითადად კულტურული, ისტორიული და სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული. მაშინ როცა ქართული კულტურა უფრო კოლექტიურია, სადაც ოჯახი, ნათესავები და მეგობრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ამერიკაში ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. აქ ურთიერთობები როგორც ოჯახთან, ასევე მეგობრებთან და ნათესავებთან პირად სივრცესთან არის დაკავშირებული. შეგიძლია მეგობარი ან თუნდაც ოჯახის წევრი ნახო, თუმცა მასთან შეხვედრა წინასწარ უნდა დაგეგმო, შეუთანხმო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება პირადი სივრცის დარღვევად აღიქვან და უპატივცემლობაში ჩაგითვალონ.
განსხვავებულია ამერიკული სუფრაც. მაშინ როცა საქართველოში სტუმართმოყვარეობა კულტურის განუყოფელი ნაწილია, აქ ამერიკაში ეს ფორმალურია. სტუმრად მისვლა წინასწარ დაგეგმვას მოითხოვს, ხოლო სუფრაც ბევრად უფრო მარტივია. აქ მაგიდაზე ქართველისთვის ნაცნობ ვერცერთ კერძს ვერ ნახავ, თუმცა ბევრია ისეთი, რომლის არსებობის შესახებ არც არასდროს გაგიგია და რიგ შემთხვევაში მისი გასინჯვისგან თავსაც შეიკავებ. ზოგადად ჭამის კულტურა იმდენად განსხვავებულია, რომ ხშირად ნახავ ადამინს რომელიც რესტორანში მარტო ზის და საკვებს მიირთმევს, ან უბრალოდ ავტომობილის მძოლს, რომელიც დროის უქონლობის გამო საუთარ ავტომობილშივე სადილობს.
საინტერესოა ტრადიციებიც, რომელიც აქ ჩამოსულ ადამიანს ნამდვილად გულგრილს არ დატოვებს. მაშინ როცა საქართვლოში ტრადიციებზე განსაკუთრებული გავლენა მართლამდიდებულ ეკლესიას აქვს, აქ მსგავსი მიდგომა უბრალოდ არ არსეობობს. აღნიშნავენ ახალ წელს, შობას, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად განსხვავებულად და მარტივად ხდება, რომ გიკვირს იმ დაკარგული დროის, რომელსაც უბრალოდ ახალ წელს საცივის მომზადებაში და ხაჭაპურის ცხობაში ატარებ.
ამ ყველა სირთულის მიუხედავად, ცდილობ ბევრი პოზიტიური შთაბეჭდილებითა და უბრალოდ სიახლეებით საკუთარი ცხოვრება გაიხალისო და იმ მიზანს მიაღწიო რომლისთვისაც ჩამოხვედი. ამისთვის ხელს არაფერი გიშლის. სირთულეები და დეპრესია კი უბრალოდ ცხოვრებას ახლებურად გასწავლის", - ამბობს ჟურნალისტი ირაკლი აკობია.