2027 წლის იანვრიდან თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება კიდევ გაიზრდება. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ცვლილება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნებს შეეხებათ.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასები 810 ლარით იმატებს.

შესაბამისად, ქუთაისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო, მოქმედი 9 600 ლარის ნაცვლად, 2027 წლიდან 10 410 ლარი გახდება.

ანაზღაურება 1 350 ლარით იზრდება ქვეყნის პირველი პირებისთვისაც. 2027 წლიდან პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის ხელფასები, დღეს არსებული 16 000 ლარის ნაცვლად, 17 350 ლარი იქნება.