"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის დავით მჟავანაძის განცხადებით, დასაკავებელთა სიაში შესაძლოა, შემდეგი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ან სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იყოს, თუმცა იქამდე, არ არის გამორიცხული გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი წერეთელი  და იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ლევან სანიკიძე დააკავონ.

მისივე თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ სხვების ჯიბიდან ბიძინა ივანიშვილის ფულის წასვლაა.

"კობა გაბუნია იყო ირაკლი ქარსელაძის მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე და გრიგოლ ლილუაშვილი არიან ერთმანეთისთვის უახლოესი ადამიანები. ირაკლი ქარსელაძე არის გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარე, შესაბამისად, კობა გაბუნიას დაკავება არის როგორც ირაკლი ქარსელაძის გარშემო ყულფის შევიწროება, ასევე გრიგოლ ლილუაშვილის გარშემოც. კობა გაბუნია არის წარმოშობით ვანიდან, ისევე როგორც გრიგოლ ლილუაშვილი და მისი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ამ ადამიანების თვალი და ყური იყო ეს კაცი ინფრასტრუქტურის სამინისტროში. კობა გაბუნია ძალიან დასაყრდენი და სანდო პირი იყო გრიგოლ ლილუაშვილის.

შესაძლოა, დასაკავებელთა სიაში იყოს ირაკლი ქარსელაძე ან გრიგოლ ლილუაშვილი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, მათ დაჭერამდე დააკავონ, მაგალითად გიორგი წერეთელი, რომელიც არის წარმოშობით ქუთაისიდან, ისევე, როგორც ირაკლი ქარსელაძე და რომელიც იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი. შესაძლოა, დააკავონ ლევან სანიკიძე, რომელიც იყო იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, ასევე წარმოშობით ვანელი და გრიგოლ ლილუაშვილის უახლესი გარემოცვის წევრი და ირაკლი ქარსელაძის მეგობარი", - განაცხადა მჟავანაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ირაკლი ქარსელაძის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.