ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია, -  ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პაიკიძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაიკიძე პატიმრობიდან დაკავების დღესვე, 9 დეკემბერს გათავისუფლდა, თუმცა რა გახდა აღნიშნულის საფუძველი, ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ბიჭიკო პაიკიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა 19 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე გააჟღერა. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი მაშინ აცხადებდა, პაიკიძის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა.

სუსმა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა 24 სექტემბერს გამოაცხადა. ამავე დღეს კი დააკავა 5 პირი, მათ შორის, პაიკიძის კომპანიის დირექტორი  ვალერიან კვარაცხელია. გამოძიება დაკავებულებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლებას ედავება. 26 სექტემბერს მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, პაიკიძეს დაუსწრებლად.