კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.

სუსის ყოფილ უფროსს ედავებოდნენ: ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;

პროკურატურა აცხადებს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან  „ატკატებს“ იღებდა.

გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს.