"ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის ინიციატივას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია ეხმაურება და მმართველ გუნდს ავტორიტარულ ქმედებებში ადანაშაულებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის  თქმით, ხელისუფლება პოლიტიკურ ასპარეზზე კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობს, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში ვერ დაეხმარება.

"ოცნების“ რეჟიმი პარლამენტში ვერცერთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ ძალას ვერ იტანს. ახლა სამიზნე პარტია "გახარია საქართველოსთვის“ გახდა. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ხელისუფლება საბოლოოდ ცდილობს, ჩაახშოს ნებისმიერი ოპოზიციური და კრიტიკული ხმა პოლიტიკურ ასპარეზზე. "ოცნების" ხელისუფლებას პარტიების აკრძალვა ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. სისტემა შიგნიდან ირღვევა და სულ მალე ვიხილავთ რეჟიმისგან თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს!“ - აცხადებს ელეონორა არჩაია.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის წარდგენას გეგმავს.