ბაღდათში მოქმედმა რაგბის კლუბმა „ბაღდათმა“ სხვადასხვა ასაკის ბავშვები გააერთიანა. ბოლო პერიოდში სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. ვარჯიშის მსურველთა რაოდენობის მატებასთან ერთად შეიქმნა ახალი ასაკობრივი ჯგუფები და გოგონათა გუნდიც.

კლუბი მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით დაფუძნდა. მზარდი ინტერესის ფონზე გაჩნდა დამატებითი საჭიროებებიც. სწორედ ამ მიზნით, „ბაღდათის განვითარების ფონდმა“ კლუბის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის გუნდებისთვის სპორტული ფორმების შეძენა დააფინანსა.
"ბაღდათის განვითარების ფონდი“ თემურ კოხოძის მიერ 2019 წელს დაფუძნდა და მუნიციპალიტეტში სოციალურ და საზოგადოებრივ ინიციატივებს უჭერს მხარს. საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ფონდმა პირდაპირი დახმარება ასეულობით მოქალაქეს გაუწია და არაერთი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა.