ქუთაისის ისტორიულ  N1 საჯარო სკოლაში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსწავლეთა მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

"ინფო იმერეთს“ ერთ-ერთმა მშობელმა დაწყებითი კლასების სართულს და სასწავლო ოთახებში გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა, სადაც შენობის შიდა სივრცეების ამჟამინდელი იერსახეა ასახული.

მშობლის განცხადებით, კლასებში ელემენტარული პირობების მოსაწესრიგებლად ოჯახებს საკუთარი ფინანსური რესურსების გაღება უწევთ.

"არ არსებობს საქართველოში ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაზე დიდი ისტორიის მქონე სკოლა. ქუთაისის პირველი სკოლის ისტორია არის უნიკალური და განუმეორებელი, ეს კი დღევანდელი რეალობაა. ეს არის დაწყებითი კლასების სართული და ოთახების მდგომარეობა. რატომ უნდა უწევდეს მშობლებს საკუთარი ხარჯების გაღება იმისათვის, რომ კლასი კლასს დაამსგავსონ?! სირცხვილია, არ ეკადრება ამ სკოლას ეს მდგომარეობა. ყველანაირად, ყველა სფეროში და მიმართულებით რატომ ნადგურდება ქუთაისში ყველაფერი, ვინმე ახსნის?“ - აცხადებს მშობელი.