სუსის მაღალჩინოსნის ლევან ახობაძის ინტერესებს ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი დაიცავს.
"დიახ, მე დავუბრუნდი საადვოკატო საქმიანობას... გავაკეთებ მერე ყველასთვის განცხადებას. დიახ დღეს დილით დააკავეს თბილისში, საკუთარ სახლში" - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა "ტვ პირველთან".
დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ახობაძემ კერძო მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა სუსის იმჟამინდელი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს 250 000 ლარი გადასცა.
ასევე დადგენილია, რომ ქრთამი ლილუაშვილის მოადგილეს პირდაპირ სუსში, სამუშაო კაბინეტში მიუტანეს.